weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სააკაშვილი და ადვოკატები შეხვედრის ოთახში წესებს არღვევდნენ – პენიტენციური სამსახური

15:12 ხუთშაბათი, 28 ოქტომბერი 2021

სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულების შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის განახლების საკითხს განმარტავს. უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევის გამო.

„მიხეილ სააკაშვილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი რეგულაციების პერმანენტულ დარღვევას, კერძოდ, მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის თქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას.

ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა“, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

მათივე თქმით, დოკუმენტაციის გაცვლის, ადვოკატისთვის გადაცემის პრობლემა მიხეილ სააკაშვილს არასოდეს ჰქონია და დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით დღესაც შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს ამ უფლებით.

„ნებისმიერ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან ოჯახის წევრის თუ სხვა ნებისმიერი პირის შეხვედრა შუშის დამცავი ბარიერის მეშვეობით ხორციელდება, რათა დაცული იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობა და არ მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ვირუსის გავრცელება. აღსანიშნავია, რომ ადვოკატისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან პირისპირ შეხვედრის მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PC ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ, რაც ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ  სააკაშვილის არცერთი ადვოკატის მიერ არ მომხდარა“,– ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57- ჯერ ის ადვოკატებს შეხვდა.

ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრის ოთახში მინის ბარიერი მთლიანად ამოშენებული დახვდათ. საძაგლიშვილის თქმით, სააკაშვილს ფაქტობრივად წაართვეს დაცვის უფლება, რადგან ადვოკატებს მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა აღარ აქვთ.

„იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია ყოფილიყო დაცული, ჩვენ მას წერილობით ვეკონტაქტებოდით, რისთვისაც მაღლა დატოვებული იყო სივრცე, ანუ არ იყო ჩვენ შორის ბარიერი ბოლომდე ამოვსებული, დღეს როცა შევედით შეხვედრების ოთახში, აღმოვაჩინეთ, რომ ამ ოთახშიც რემონტი ჩაუტარებიათ და ეს სივრცეც იყო ამოქოლილი. ამოაშენეს ბარიერი ბოლომდე რომ ჩვენ არ გვქონდეს მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია და ყველა კომუნიკაცია იყოს გაკონტროლებული ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამაც, რომელიც უკრაინის მოქალაქე სააკაშვილთან შესახვედრად საქართველოში გუშინ იმყოფებოდა.

„ადვოკატებმა მითხრეს, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან ოთახში, მინა არ არის ჭერამდე და ისინი გადასცემენ წერილებს. როდესაც დღეს მივედით, ამის შესაძლებლობა უკვე აღარ იყო - გადატიხვრა ჭერამდეა. მიხეილმა თქვა, რომ დენისოვას სახელობის აკვარიუმი გააკეთეს“, – აღნიშნა უკრაინის სახალხო დამცველმა სააკაშვლთან შეხვედრის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან რუსთავის ციხეში იხდის სასჯელს. ის მიიჩნევს რომ პუტინის პატიმარია და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]