„დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ. რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, გუშინ მთელმა მსოფლიომ ნახა ქართველი ხალხის ძალა. ასე რომ, ყველას მოგიწევთ დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა.
გუშინ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერები შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას უწოდებენ და არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 ოქტომბრის აქციის კონტრაქციას.
ხალხმრავლობის უზრუნველსაყოფად მმართველმა პარტიამ რეგიონებიდან მხარდამჭერების და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება მოახდინა. გავრცელა ვიდეომასალები, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ თანხა მიიღეს.
მანამდე პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებდა, რომ პარტია აქციის მონაწილეთა კვების ხარჯებს ფარავდა.