„რა თქმა უნდა, ვუერთდები იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია არაერთ მუნიციპალიტეტში და თელავის მუნიციპალიტეტის მერია არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მერია. თელავის მუნიციპალიტეტი აუცილებლად იქნება კოალიციური მერია, თუმცა ჩემი ახალი ინიციატივაა, რომ ამ პროცესში ჩართული იქნებიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩემი გამარჯვების პირველივე დღიდან აუცილებლად გავმართავ კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და კოალიციურ მმართველობაში, მერის მოადგილის პოზიციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული ერთი კონკრეტული ადამიანი იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა ამომრჩეველთა ხმების 45% მიიღო (13 411 ხმა), ხოლო „ქართული ოცნებიდან“ ლევან ანდრიაშვილმა – 46.7% (13 800 ხმა). 30 ოქტომბერს მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ბოტკოველი და ანდრიაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.