„ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინც და მაინც დღეს, კენჭის ყრის დღეს აპირებს, გახდეს ცუდად, ანუ აპირებს სიმულირებას, რომ ხალხში, თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის.
შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, რომელიც არის უმძიმესი დამნაშავე, სამარცხვინო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი, რომლის დაკვეთითაც ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ და ა.შ. ამის გამო მან უნდა მოინანიოს, კი არ უნდა იშიმშილოს“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
გუშინ, 29 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით „გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს“ გეგმავენ. როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გლდანის N8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას, უკონტროლო სიტუაციისა და ქაოსის გამოწვევას, რათა ხელი შეუშალონ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. სუს-ის ცნობით, მსგავს ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში გადაყვანის დროსაც.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 30-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
დღეს, 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.