„ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ – მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო „რეფერენდუმი“ და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს, ასევე წააგეს 44 მუნიციპალიტეტში. ჩემი ღრმა რწმენით, დღეს უკვე, 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, ვიცით რა წინასწარი განწყობები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ.
პრემიერის თქმით, მან ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას.
„მე მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა შფოთს, ქაოსს, არეულობას, დაპირისპირებას და პოლარიზაციას, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან. მე მჯერა, რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე არის დღევანდელი. ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ. მჯერა, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი), 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.
მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. 10:00 საათისთვის აქტივობა 7.38% იყო.