„ამ მომენტისთვის თბილისში აქტივობა არის ოდნავ უფრო მაღალი, ვიდრე პირველ ტურში იყო. პირდაპირ იკვეთება და ეს არის ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო, რომ კოალიციური კანდიდატი იმარჯვებს თბილისში. ამ მომენტისთვის ეს გამოკვეთილი ტენდენციაა, მაგრამ იმისთვის, რომ განმტკიცდეს ეს გამარჯვება, აუცილებელია, რომ დარჩენილ დროში მოხდეს ჩვენი იმ თანამოქალაქეების მისვლა საარჩევნო უბნებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ მისულან. აუცილებელია მათი აქტივობა იმისთვის, რომ გამყარდეს კოალიციური კანდიდატის გამარჯვება“, – განაცხადა ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე.
„ლელოს“ ლიდერმა „გაყალბების ფაქტებზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მობილიზებული მხარდამჭერები შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.
„ჩვენ გვაქვს ფაქტები - დოლიძის ქუჩაზე, 61-ე სკოლაში იყო ფაქტი ბიულეტენების ჩაყრის, ასევე ისანში 71-ე უბანზე იყო ჩაყრის ფაქტი. შესაბამისად, შედგენილია ოქმები. მობილიზებულია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდი არმია, რომლებიც ცდილობენ ზეგავლენა მოადინონ და აქტიურად გადაადგილდებიან სამგორის რაიონში. ასე რომ, ახლა, ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი თანამოქალაქეების მაღალი აქტივობა იმისთვის, რომ გამარჯვება იყოს მყარი, დიდი სხვაობით, რათა არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, რომ კვლავ შეეცადოს, რომ ქართველი ხალხის ნება შეცვალოს და გააყალბოს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცმეებით, 15:00 საათისთვის თბილისში ამომრჩევლის აქტივობა 30.8% იყო. პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 30.7%-ს შეადგენდა.