„დიდი მადლობა ჩვენს ხალხს და ჩვენს მხარდამჭერებს. მადლობა უფალს, ძალიან კარგად, მშვიდად ჩატარდა არჩევნები და ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ წინასწარი მონაცემების მიხედვით. ახლა, რა თქმა უნდა, მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას.
მე მინდა მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე. ასევე, მინდა მივულოცო ყველა ჩვენს კანდიდატს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც მიმართა და განაცხადა, რომ გამარჯვება ბოლომდე მიიყვანეს.
არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო. კენჭისყრის წინასწარი შედეგები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.
არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი), 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეებმა 20 მერი და საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრი აირჩიეს.