„ცესკოს საიტზე ხდება აბსოლუტურად მანიპულირებული, უმეტესად „ქართული ოცნების“ უპირატესობის ამსახველი უბნების ატვირთვა და მეორე – გამოვიდა ბატონი კობახიძე და მოიგონა აბსოლუტური ტყუილი თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო უმეტესი ქალაქები. მისივე ტყუილში ჩვენ ვნახეთ, რომ საუბარია 1-2-3%-იან უპირატესობაზე, რაც მთლიანობაში მეტყველებს აბსოლუტურად დანგრეულ ლეგიტიმაციაზე, ისინი დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვერ საუბრობენ, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს – ღამე ამ ციფრების ბრახუნი ემსახურება ერთადერთ რამეს – გატეხონ ჩვენ დამკვირვებლების, ჩვენი მებრძოლი ხალხის განწყობა და მოატყუონ საზოგადოებას, თითქოს „ქართულ ოცნებას“ აქვს უპირატესობა და კიდევ ერთხელ მიიტაცონ არჩევნები.
ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ამომრჩევლის ხმების დათმობას, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ყველა სამართლებრივი და სხვადასხვა გზით“, – განაცხადა ხოშტარიამ.
მან „ქართული ოცნება“ გააფრთხილა, მოეშვას წინასწარ მანიპულირებული, ტყუილი განწყობის შექმნას, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა საარჩევნო უბნებზე ბრძოლა გააგრძელონ.
არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი), 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეებმა 20 მერი და საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრი აირჩიეს.