„დარწმუნებული ვართ, რომ გადათვლის შედეგიც იქნება იდენტური არსებული შედეგებისა, რადგან ყველაფერი განხორციელდა კანონიერად და კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში. რაც შეეხება ძველ ბიჭებს, არ ვიცი ამ კატეგორიაში ვის გულისხმობდნენ. მათ საარჩევნო უბნებზე ხვდებოდათ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, მე, ჩვენი საკრებულოს დეპუტატები. ასე რომ, ყველაფერმა ჩაიარა მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში მიუხედავად მისა, რომ მათ პროვოკაციების მოწყობისა და დესტრუქციის უამრავი მცდელობა ჰქონდათ.
დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციას მოუწევს, არჩევნების შედეგების აღიარება, რადგან ეს არის ხალხის ნება“, – განაცხადა წოწერიამ ჟურნალისტებთან.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კენჭისყრა გაყალბდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის განცხადებით, N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის შედეგს გაასაჩივრებენ და ყველა საარჩევნო უბნის გადათვლას მოითხოვენ.
„ამოვწურავთ ყველა სამართლებრივ გზას. რაც მთავარია, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ გვანახა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია და თავისუფლებისთვის ბრძოლა, მათ შორის მიშას თავისუფლებისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის, უნდა გავიდეს ქუჩაში. ქართველმა ხალხმა მშვიდად, წყნარად, მაგრამ მტკიცედ თავისი არჩევნის დაცვა აუცილებლად უნდა შეძლოს“, – თქვა ანა წითლიძემ.
წითლიძე ამბობს, რომ მამუკა წოწერიამ გამარჯვება გაბათილებული ბიულეტენების ხარჯზე მოიპოვა, რასაც წოწერია არ ეთანხმება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, არჩევნების მეორე ტურში ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ ამომრჩეველთა ხმების 51.631% (27 607 ხმა), ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ანზორ მელიამ – 48.369% (25 863 ხმა).