weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვარი ბუნდოვანი იყო – ეუთო/ოდირი საარჩევნო გარემოზე

18:50 კვირა, 31 ოქტომბერი 2021

„არჩევნებამდე ბოლო კვირაში ადგილი ჰქონდა ცალკეულ ინციდენტებს, მათ შორის პარტიის ოფისის გარეთ დაპირისპირებასა და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს. კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად წარმართვა შეეძლოთ, თუმცა ზეწოლისა და დაშინების შესახებ გამოთქმული, ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული ბრალდებები ისევე, როგორც ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული შეუსაბამო უპირატესობა არჩევნების ორ ტურს შორის შენარჩუნდა“, – აცხადებს ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია.

სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნების დოკუმენტში ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანია არჩევნების მეორე ტურის დღემდე ორი კვირით ადრე გააქტიურდა, რის შემდეგაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქციები გაიმართა.

„სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიიღეს სარწმუნო ცნობები, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს ზემდგომებმა მისცეს მითითება მონაწილეობა მიეღოთ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ აქციაში, რაც წუხილს ზრდის მმართველი პარტიის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნება“ აგრძელებდა ვიზუალური ლანდშაფტის დომინირებას ბილბორდებისა და პლაკატების მეშვეობით. საარჩევნო კამპანია ხასიათდებოდა თავდასხმითი და ნეგატიური რიტორიკის დამატებითი გამწვავებით.

ორმა უმსხვილესმა პარტიამ არაერთგზის გააჟღერა ერთმანეთის დასრულებისკენ მიმართული მოწოდებები, ხოლო ნეგატიური კამპანია დაიწყო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვდეორგოლების საშუალებით.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კამპანიისას კვლავაც შეინარჩუნა ეროვნულ საკითხებზე ფოკუსი, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, საკუთარი კამპანიის სტრატეგია შეცვალა და, პირველი ტურისგან განსხვავებით, უფრო გააძლიერა ეროვნულ საკითხებზე ფოკუსირება. ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების განხილვა გრძელდებოდა მუნიციპალურ დონეზე. 19 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ გამოაცხადა „სრული მობილიზაცია“, რაც საჭირო იყო მეორე ტურში გადამწყვეტი გამარჯვებისთვის. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხაზი გაუსვა კოალიციური პოლიტიკის მნიშვნელობას, დასახა რა ის მომავალში წარმატების მიღწევის გზად და სხვა პარტიებს ოპოზიციური ერთობით „ქართული ოცნების“ დამარცხებაში დახმარებისკენ მოუწოდა და ყველა ხუთ თვითმმართველ ქალაქში სხვა ოპოზიციური პარტიები პოტენციური კოალიციური მთავრობის წევრებად დაასახელა.

არჩევნებამდე ბოლო კვირაში ადგილი ჰქონდა ცალკეულ ინციდენტებს, მათ შორის პარტიის ოფისის გარეთ დაპირისპირებას და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს.

23 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მუნიციპალიტეტი, რომელშიც ოპოზიცია გაიმარჯვებს, განცალკევდება ცენტრალური ხელისუფლებისგან და მოკლებული იქნება პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. ოპოზიციამ ეს დაგმო, როგორც მათი ამომრჩევლებისადმი დამუქრების მცდელობა.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას პროცესში მონაწილე ბევრმა მხარემ გააგრძელა ამომრჩევლების დაშინებისა და მათზე ზეწოლის შესახებ ცნობების მიწოდება, რომლებიც, მათ შორის, შეეხებოდა სამსახურიდან გათავისუფლების მუქარას და დასაქმებისა და ანაზღაურების დაპირებებს, რაც განსაკუთრებით გამიზნული იყო იმ პირებისთვის, რომლებიც ხელფასების ან სოციალური მხარდაჭერის მხრივ სახელმწიფოზე არიან დამოკიდებული; ამ მიზნით სავარაუდოდ გამოიყენებოდა მმართველი პარტიის კოორდინატორების ფართო სისტემა და პროცესში ასევე ხდებოდა სამართალდამცავი ორგანოების ჩართვა.

ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული შეუსაბამო უპირატესობა ორ ტურს შორის შენარჩუნდა, რაც ხასიათდებოდა საჯარო პროექტების შესახებ გაკეთებული განცხადებებით, სოციალური სარგებლის დაპირებებითა და გეგმით, რომ 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროექტის ინიცირება კამპანიის დაწყებამდე მოხდა, აღნიშნული კანონის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა და სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვარს ბუნდოვანს ხდიდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და კარგ პრაქტიკასთან“, – ნათქვამია წინასწარ დასკვნებში.

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ 2 აგვისტოდან 2 ოქტომბრამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშების მიხედვით „ქართული ოცნების“ შემოწირულებების საერთო რაოდენობა 12.5 მილიონ ლარს შეადგენდა, „ლელოსი“ – 2.3 მილიონს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 1.8 მილიონს, „გახარია საქართველოსთვის“ - 1 მილიონს, „ევროპული საქართველოსი“ - 0,8 მილიონს, „მოქალაქეებისთვის“ - 0.4 მილიონს, „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ – 0.3 მილიონს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ – 0.2 მილიონს.

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ დაახლოებით 12.5 მილიონი ლარი მიიღო და დახარჯა არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ გაცხადებული 19 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულებებიდან და დანახარჯიდან. კამპანიის ფინანსებსა და რესურსებში მნიშვნელოვანმა დისბალანსმა ხელი შეუწყო არათანასწორი საასპარეზო პირობების შექმნას“, – ნათქვამია ეუთო/ოდირის შეფასებაში.

სადამკვირვებლო მისია ყოვლისმომცველ საბოლოო ანგარიშს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები საარჩევნო პროცესის პოტენციური გაუმჯობესების გზების შესახებ, საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით რვა კვირაში გამოაქვეყნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]