weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უახლოეს დღეებში ცესკოს და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ – EU

11:02 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021
ფოტოზე - კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფოტოზე - კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

ევროკავშრის წარმომადგენლობამ განცხადება საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით გაავრცელა. იგი ყურადღებას ამახვილებს ეუთო/ოდირის და ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო, თუმცა დაფიქსირდა ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, ამომრჩევლებთა დაშინებისა და ზეწოლის შენარჩუნებული ბრალდებები და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი, რომელმაც მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ უპირატესობა მიანიჭა და საასპარეზო პირობები შეცვალა.

„პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მასთან დაკავშირებით დაფიქსირებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში ნორმად არ უნდა იქცეს. ვწუხვართ, რომ ეს არჩევნები ამ მიმართებაში დაკარგული შესაძლებლობა იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა.

 პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია.

ამ არჩევნებამდე გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს საკრებულოებთან, თუ ისინი განსხვავებულ უმრავლესობას აირჩევენ, შეშფოთებას იწვევს, რადგან ამომრჩეველთა არჩევანის შეზღუდვასა და პლურალიზმის ლიმიტირებაზეა მიმართული.

მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძონ. საზოგადოების ნდობა მისი სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას. ამ მხრივ უახლოეს დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები ჭეშმარიტ ძალისხმევას არ დაიშურებენ ისეთი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მოლოდინების გამართლებას ხელს შეუწყობს. ეს მოიცავს მნიშვნელოვანი რეფორმების მრავალგზისი ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენი ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმებული დღის წესრიგის განხორციელების განახლებას, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის ღირებულებებს ეფუძნება“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თბილისსა და 19 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ოპოზიციის მიერ დასახელებულმა მერობის კანდიდატმა მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა, დანარჩენ ოლქებში კი გამარჯვება მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდ ქალაქებში უპირატესობა ბიულეტენების გაბათილების ხარჯზე მოიპოვა. ოპოზიცია საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას აპირებს და ქუჩის აქციებსაც აანონსებს. პროტესტის ნიშნად პარლამენტის წევრის მანდატზე უარს ამბობს ოპოზიციური კოალიციის წევრი პარტიის, „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.

 

ამ თემაზე:

სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვარი ბუნდოვანი იყო – ეუთო/ოდირი საარჩევნო გარემოზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]