საელჩოს განცხადებით, მიუხედავად „ოდირის“ დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები შეესწრო მსგავსი მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე.
საელჩო აცხადებს, რომ წლის დასაწყისში მიღებულმა ზოგიერთმა რეფორმამ, როგორიც არის ავტომატური გადათვლის პროცესი და ელექტრონული ხმის მიცემა, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა. საელჩო წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ პოზიტიური ეს ნაბიჯები შეასუსტა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს „ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე“.
„იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს.
ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო.
საელჩო აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით.
„ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ.
ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით.
თითოეული არჩევნები, ხარვეზიანიც კი, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლისა და რეაგირების შესაძლებლობაა განმეორებად დარღვევებზე, რომელმაც დააზიანა ეს არჩევნები და თანდათანობით შეარყია ხალხის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საელჩო უპირველეს ყოვლისა, მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ.
„აღნიშნული რეკომენდაციები პარლამენტის მოთხოვნის შედეგადაა წარმოდგენილი და წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებისკენ.
ამერიკელი ხალხი მხარს უჭერდა და უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალი პლურალისტური მედიისა და ხალხის მიმართ გულისხმიერი მთავრობის ჩამოყალიბების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესში.
ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას როგორც გულწრფელი პარტნიორი, რადგანაც გვჯერა საქართველოსი, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიისა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში“, – აცხადებს საელჩო.