თელავის მერის თანამდებობაზე მოქმედი მერის პლატონ კალმახელიძის კანდიდატურა განიხილებოდა. მის კანდიდატურას მხარს უჭერდა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია. მეტიც, გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი დაინიშნა თელავის საარჩევნო შტაბის უფროსად.
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში კალმახელიძის კანდიდატურა დაიწუნეს და თელავის მერად პარტია გუგა გურაბანიძის კანდიდატურას განიხილავდა. 32 წლის გუგა გურაბანიძე თელავის მერიის სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელია. მანამდე სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული. პროფესიით ბიზნესის მენეჯერია.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილების მიმღებმა რამდენიმე პირმა „რეგინფოს“ დაუდასტურა, რომ ვინ იქნება თელავის მერობის კანდიდატი, ამ დრომდე არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, პლატონ კალმახელიძის კანდიდატურის განხილვა კი შეჩერებულია.
ამის მიუხედავად, დღეს, დილით, თელავში, ქალაქის ცენტრში მდებარე „ევროპული სკოლის“ შენობაზე საარჩევნო ბანერი მიამაგრეს, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნებიდან“ თელავის მერობის კანდიდატი პლატონ კალმახელიძეა. ბანერი რამდენიმე საათში ჩამოხსნეს.
„არვიცი ბანერი ვინ მიამაგრა და მერე ვინ ჩამოხსნა. ამ საკითხებზე პარტიის ცენტრალურ შტაბს უნდა მიმართოთ“, – განუცხადა „რეგინფოს“ „ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბის უფროსმა ბენო გეგეჭკორმა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი ქალაქ თელავის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე იქნება. თხლაშიძე „ქართული ოცნებიდან“ ახმეტა–თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის ცოლის ძმაა.