შეკითხვაზე, რა უნდა ქნან მოქალაქეებმა, სააკაშვილი პასუხობს:
„მხოლოდ ერთი. ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ: წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე. ასე მოიქცა ჩვენი მეზობელი სომხეთი. იქ ფაშინიანი ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლიგარქს ებრძოდა, რომლის უკანაც იდგა რუსეთი და გაუყალბეს მასაც არჩევნები, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა.ბევრი და კიდევ უფრო ბევრი გამოვიდა ქუჩებში, სანამ ბანდიტური ხელისუფლება არ გატყდა და წავიდა და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები.
ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც. გამყალბებელი ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნები.
იგივე უქნეს უკრაინელებმა იანუკოვიჩს, როცა ის ბოლომდე რუსებს მიემხრო, არადა იანუკოვიჩი მრავალგზის უფრო თავზეხელაღებული და მდიდარი იყო, ვიდრე ივანიშვილი.
ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც?
ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა. უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე. რა თქმა უნდა, პარალელურად უნდა გავასაჩივროთ ყველაფერი, ვინაიდან ასეთი კატასტროფული სადამკვირვებლო დასკვნები არც ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთში, არც ვარდების რევოლუციის დროს. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტის და ძალადობისადმი წინააღმდეგობის“, – წერს წერილში მიხეილ სააკაშვილი.
ის საკუთარ თანამებრძოლებს, ასევე პარლამენტში მყოფ „ქვეყნის პატრიოტებისა და წესიერ ხალხს“ ურჩევს, გამოვიდნენ პარლამენტიდან და „ქართული ოცნება“ დატოვონ საკუთარ თავთან მარტო.