weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი სუს-ის შენობასთან დააკავეს

12:09 სამშაბათი, 02 ნოემბერი 2021

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი იმედა კლდიაშვილი ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ დააკავეს. კლდიაშვილი საკუთარ ავტომობილში იჯდა და პროტესტის ნიშნად, სუს-ის თანამშრომლებისთვის შენობაში შესვლაში ხელის შეშლას აპირებდა.

პოლიტიკოსის პროტესტი ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრის, იზა ჩირგაძის მონაყოლმა გამოიწვია. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც იზა ჩირგაძემ აღიარა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებას ავალებდნენ, მასზე ზეწოლა დაიწყო და საბოლოო ჯამში, საშუალება არ მისცეს ეს ყველაფერი ევროპელი დამკვირვებლებისთვისაც მოეყოლა.

„აქედან მანქანას არ დავძრავ მანამ, სანამ არ მივიღებ პასუხს კითხვებზე: რატომ აყალბებენ არჩევნებს? რატომ გააჩერეს ის ქალბატონი და რატომ აღარ შეახვედრეს ევროკავშირის დამკვირვებლებს? მოაყოლონ ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რაც ჩაიდინა სუს-მა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა და „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა. ხელს შევუშლი ამ შენობაში შესვლას. აქ დგომა აკრძალულია, მაგრამ ეს იქნება ჩემი დაუმორჩილებლობა“, – ამბობდა დაკავებამდე იმედა კლდიაშვილი.

ის სამართალდამცველებმა ძალით გადმოიყვანეს ავტომობილიდან და ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

იმედა კლდიაშვილის თქმით, იზა ჩირგაძის მონაყოლით დასტურდება, რომ არჩევნების მეორე ტურის დღეს, ქუთაისში ე.წ. კარუსელს ჰქონდა ადგილი.

„გამოჩნდა ქალბატონი იზა, რომელიც თავისი ნებით, გულწრფელი სურვილით მოვიდა ჩვენთან და აღიარა, რომ უბნის „ოცნების“ კოორდინატორი აშანტაჟებდა, ავალებდა უკანონობა გაეკეთებინა და სხვისი პირადობის მოწმობით გაეტარებინა მოსული ამომრჩეველი.

პირველად, როცა ქალბატონ იზას ხელმოსაწერად გაუგზავნეს არასწორი ადამიანები, ანუ ადამიანები სხვა პირადობით, ქალბატონმა იზამ ორი ასეთი ადამიანი უკან გააბრუნა. ამის შემდეგ კოორდინატორმა მოუწოდა, ასეთი ამომრჩევლები გაეტარებინა, რადგან მისი გამოგზავნილები იყვნენ. ქალბატონმა იზამ ეს ისევ არ შეასრულა და დასრულდა თუ არა საარჩევნო პროცესი, წავიდა მასზე ბულინგი – უნდა დაებრუნებინა ის თანხა, რაც გადაუხადეს საარჩევნო კომისიის თანამშრომლის საქმიანობისთვის. ამ ქალბატონმა დარეკა „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე აქტიურ დამკვირვებელთან.

შემდეგ ხდება ყველაზე მთავარი – კომისიის წევრი მიდის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი შტაბის უფროსთან შესახვედრად და ამ დროს საქმეში ერთვება პოლიცია. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს შეხვედრა არ შედგეს. ლამის მოიტაცეს ეს ქალბატონო ოღონდ შეხვედრა არ შემდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალური პოლიცია და საპატრულო პოლიცია ბევრს ეცადნენ, ეს ქალბატონი წაეყვანათ, ის მოვიდა და ტელეკამერების წინ მოჰყვა ყველაფერი – როგორ გააყალბეს „კარუსელის“ საშუალებით არჩევნები.

მას მერე, რაც ქალბატონი იზა წავიდა სახლში და მასთან მივიდა მეუღლე, მთლიანად აუკრძალეს კომენტარის გაკეთება და ჩვენთან კავშირი. სისტემა, სუს-ის დახმარებით, უკვე გვიკრძალავს თავისუფალი არჩევანის გაკეთებას. დღეს ჩვენთან მოსულები იყვნენ ევროკავშირის დამკვირვებლები და როდესაც მათთან უნდა გვესაუბრა, ეს ქალბატონი სახლიდან აღარ გამოუშვეს“, – თქვა იმედია კლდიაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის ჩაფარცხვას მთელი სახელმწიფო სისტემა ცდილობს.

 

„ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ იზა ჩირგაძეს ყველაფერი „ათქმევინეს“. მისი მტკიცებით, ათამდე ადამიანს „სხვადასხვა რაღაცების სანაცვლოდ“ სთხოვდნენ „ქართული ოცნებისთვის“ რაღაცები დაებრალებინათ“. მდინარაძის განცხადებით, „ამ ათამდე ადამიანმა ეს არ იკადრა“

„როგორც ჩანს, ერთი ადამიანი ოპოვეს, რომელმაც თქვა, რომ რაღაცებს ავალებდნენ, როდესაც მას ამის უფლებამისილება და საშუალება არ გააჩნდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]