weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვდებ ფიცს, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებლად ვიბრძოლებ – მელია სააკაშვილზე

19:06 სამშაბათი, 02 ნოემბერი 2021

„არჩევნები მოგვპარეს ძალადობით და სხვადასხვა უღირსი მეთოდით და რადგან ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა „არჩევნების წესით რეალობას თვალს არ გავუსწორებ“, ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ შემოვიდეს ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში. ამისთვის მზად ვართ ყველა ქალაქში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, თბილისში და ასე შემდეგ, მთელს საქართველოში“, – განაცხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას, მელიამ თქვა, რომ ერთ-ერთი აქტუალური შეკითხვა ოპოზიციის გეგმებს ეხება.

„ვეცდები ყველაზე ტრადიციულ კითხვებს საჯაროდ პასუხი გავცე: „რას აპირებთ, საპროტესტო აქციებისკენ უნდა წაიყვანოთ ქვეყანა?“ – ამ დროს კონტრშეკითხვას ვსვამ: „და რა? ბელორუსიად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო?“ დიახაც, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები არ შენელდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს უახლოეს მომავალში და არა ორ თვეში და სამ თვეში.

მეორე შეკითხვა იბადება: „რას აპირებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით?“ – პირდაპირ გეტყვით, ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე, ბოლომდე!

როგორც საქართველოს ღირსეული მოქალაქის, რომელიც უკანონოდ გამოკეტილია ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში, როგორც ჩვენი თანამებრძოლის და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება არ არის უბრალოდ ჩვენი სურვილი. ეს არის ვალდებულება და მე, ჩემდა თავად, ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა მელიამ.

შეკითხვას, გრძელდება თუ არა ოპოზიციის კოალიციური ერთობა, ნიკა მელიამ უპასუხა, რომ არა თუ გრძელდება, არამედ გაფართოვდება კიდეც, რადგან კოალიციის შექმნა არ იყო წინასაარჩევნო სვლა. მელიას თქმით, სწამს, რომ საქართველოს მომავალში კოალიციური მთავრობა უნდა ჰყავდეს.

„კიდევ ერთი შეკითხვა იბადება ხოლმე: „რას აპირებთ? აი, შეიკრიბებით ბევრი, მოვა დღე, როდესაც მთელი თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი აივსება ხალხით, რომელიც აპროტესტებს უსამართლობას. რას აპირებთ?“ – რას ვაპირებთ და ყველა დასაშვები გზით, მშვიდობიანად და არა ძალადობრივად, მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას. რაც გინდა დაარქვან“, – თქვა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, დღეიდან რუსთავის ციხესთან პერმანენტული აქციები დაიწყება და არ დასრულდება მანამ, ვიდრე მთავარ მიზანს არ მიაღწევენ: „პირველ რიგში, მოკლე ვადაში უნდა მოვახერხოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, მისი გადაყვანა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. მეორე ეტაპი იქნება ყველა პოლიტიკური დევნილის, პოლიტიკური პატიმრის, საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებულების გათავისუფლება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]