weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართა

21:14 სამშაბათი, 02 ნოემბერი 2021

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის ციხესთან აქცია გამართეს. როგორც დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ციხესთან შეკრებები გაგრძელდება.

„აქედან მინდა მივმართო ღარიბაშვილსაც, სუს-ის ხელმძღვანელსაც, ბიძინა ივანიშვილსაც, თქვენ ტყვედ გყავთ აყვანილი მიშა სააკაშვილი. თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი მძევლად აიყვანს ბიძინა ივანიშვილს და ეს იქნება ასე.

ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო. დღეიდან იცოდეს ყველამ, მშვიდად ვერ გადაადგილდება ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე, ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც ოლიგარქი ივანიშვილი. ხვალ უნდა ვიყოთ უფრო მეტი, ზეგ უნდა ვიყოთ უფრო მეტი, პარასკევს კიდევ უფრო მეტი და საბოლოო ჯამში აქ მოიყრის თავს სრულიად საქართველო და მოვითხოვთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

აქციაზე გამოვიდა დეპუტატი თაკო ჩარკვიანიც, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია.

„უპირველესი მოთხოვნაა, გადაიყვანონ ჯერ მულტიფუნქციურ კლინიკაში, სადაც სული უნდა მოითქვას. გუშინ მქონდა მასთან საუბრის შესაძლებლობა – სხარტი, ლიდერი. ამან არ მოგვატყუოს. ის სიკვდილამდე ასეთი სხარტი ლიდერი იქნება, იმიტომ, რომ თავდადებულია. არ გამოიყურება კარგად და ვაი თქვენს პატრონს, ხელისუფლებავ, თუ გგონიათ, რომ პრეზიდენტების სასიკვდილო ქვეყნის სახელს დავარქმევთ ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. სააკაშვილი თავს პუტინის პატიმარს უწოდებს, არ ეთანხმება მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებს და პროტესტის ნიშნად 33-ე დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით შექმნილმა ექიმების კონსილიუმმა იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი საჭიროების შემთხვევაში მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანონ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ასეთი დაწესებულებაა გლდანის ციხის საავადმყოფო.

„მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

სააკაშვილი და მისი ადვოკატები კატეგორიულ უარს აცხადებენ ციხის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციაზე.

სახალხო დამცველიც აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც კონსილიუმმა განისაზღვრა, ვერ მოხდება და საჭირო იქნება, პერიოდულად სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]