weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გავლენიანმა ჯგუფმა კიდევ ერთხელ „განიმტკიცა“ მდგომარეობა – თავაძე იუსტიციის საბჭოზე

13:35 ოთხშაბათი, 03 ნოემბერი 2021

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევას ეხმაურება. მისი შეფასებით, არჩეული მოსამართლეები „კლანისთვის“ ლოიალურები არიან.

თავაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოსამართლეთა კონფერენცია 31 ოქტომბერს ჩატარდა, როდესაც საზოგადოების ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისკენ იყო მიპყრობილი.

„როგორც ჩანს მოსამართლეთა გავლენის ჯგუფებისთვის დამახასიათებელია საკუთარი „აქტივობების“ მაშინ განხორციელება, როდესაც საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზეა კონცენტრირებული. ამბობენ, რომ ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა უფრო იოლიაო და მათაც არ დააყოვნეს... როცა ყველას ყურადღება ქართულ არჩევნებზეა მიპყრობილი, არჩევნების მეორე ტურის მეორე დღეს – კვირას, 2021 წლის 31 ოქტომბერს გამართეს რიგით 30-ე მოსამართლეთა კონფერენცია (როგორც ჩანს, დრო არ ითმენდა) და იქ გავლენიანმა ჯგუფმა კიდევ ერთხელ „განიმტკიცა“ მდგომარეობა. კერძოდ,

დიდი ალბათობით არამორჩილი მოსამართლე წევრი ქალბატონები, ამ უკანასკნელთ რომ შესაბამისი უფლებამოსილების ვადა გასული არც ჰქონდათ, ისე ჩაანაცვლეს კლანისათვის ცალსახად ლოიალური მოსამართლე წევრებით“, – აცხადებს თავაძე.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა უკლებლივ ყველა ავტორიტეტული და პატივსაცემი უცხოური თუ ადგილობრივი ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს, რომ გადასახედი და შესაცვლელია იუსტიციის საბჭოს ფორმირების წესი, გავლენის ჯგუფები „მიზანმიმართულად და თავხედურად განაგრძობენ ბოროტი ზრახვების განხორცილებას“.

„ამით კიდევ ერთხელ აჭედებენ თითქმის ბოლო ლურსმანს მათ მიერ განწირულ, ქართულ სასამართლო ხელისუფლების კუბოს და შესაბამისად, ამ მორიგი ქმედებით, ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ, რაც თითოეული ჩვენთაგანის, მეტიც, ჩვენი შვილების გადასახდელი და ასანაზღაურებელიც კი გახდება“, – აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.

31 ოქტომბერს მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრებად პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩიეს. მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე შეცვალეს, რომლებმაც თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. საბჭოს ამ ორი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და წევრობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გამხდარა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების შერჩევის პროცესი არაკონკურენტული, გაუმჭვირვალე და ნაჩქარევი იყო.

 

ამ თემაზე:

აშშ და ევროკავშირი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი წევრების არჩევის გამო აკრიტიკებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]