weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

შემდეგ კვირას მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში, თარიღი გამოცხადდება – სააკაშვილი

16:20 პარასკევი, 05 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მხარს უჭერს ერთდოროულად ბევრ ადგილზე აქციების გამართვის იდეას. მისივე თქმით, აქციების მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნები და მისი გათავისუფლება უნდა იყოს.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ წაიკითხა.

„ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით მინდა, გითხრათ, რომ დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ. ბევრად უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და რაც მთავარია ერთიანია, ვიდრე მაშინ.

ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია. ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარი კოალიციის პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას. ეს ეფუძნება სერბულ მაგალითს, ჯერ მილოშევიჩმა მიითვისა ადგილობრივი არჩევნები იუგოსლავიაში, მას შემდეგ რაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, ხოლო ოპოზიციამ და ოტბორმა ჯერ მოაწყვეს აქციები ბევრ ადგილას და შემდეგ წავიდნენ ბელგრადისაკენ.

რატომაა მნიშვნელოვანი აქციები ერთდროულად ბევრ ადგილას?! იმიტომ რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად, მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას.

საჭიროა განსაკუთრებით ოდიოზურ ადგილობრივ მმართველებზე და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა, მხილება და რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის ერთი დღე საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ.

მხარს ვუჭერ ოპოზიციის ლიდერების გეგმას, რომ ჩამოვიდეთ და არ დავიშალოთ, ასევე, გზა და გზა ცხადია, იქნება ბევრი იმპროვიზაცია. ახლა მთავრია მრავალრიცხოვნობა და თქვენ, დიახაც რომ წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან, ძალიან, მტკიცე და მობილური.

მეგობრებო, შაბათის აქციებზე უნდა გამოვიდეთ ბევრნი და მრავალრიცხოვანნი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას. აქციების მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება, მაგრამ არც ერთი ეს არ გახლავთ თვითმიზანი, არამედ არის საშუალება, რათა შევაჩეროთ ფასების უღმერთო ზრდა, ქართველების საქართველოდან მასიური გადინება, ქართველების საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩენის პროცესი, კორუფცია, თქვენს ჯიბეებში მთავრობის მიერ ხელების ჩაყოფა, სიღატაკე და ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

რუსთავის ციხეში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. გუშინ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და მას მეხსიერების პრობლემა აქვს. პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდება და წინ მეტი პრობლემაა მოსალოდნელი, რის გამოც საჭიროა მისი ჰოსპიტალიზაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]