weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ხვალ რუსთავის ციხესთან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს – მელია

18:39 პარასკევი, 05 ნოემბერი 2021

„ხვალ, 5 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს, რომელსაც უახლოეს პერიოდში მთელი საქართველო შემოუერთდება“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, აქცია არ დაიშლება და მას მოქალაქეები მთელი საქართველოდან შეუერთდებიან.

„ვითარება არის მძიმე, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები დღითი დღე უარესდება და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა აღვკვეთოთ, რამეთუ ის არ დავუშვათ, რაც ჩვენ ისტორიის წინაშე დამნაშავეებად წარმოგვაჩენს. ამიტომ, მეგობრები, ხვალ ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავში, რუსთავის ციხესთან, 5 საათზე.

ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი, დროდადრო შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი მოქალაქე ყველა ქალაქიდან, რეგიონიდან და სოფლიდან. იქ ვიქნებით მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.

გეგმის კომპონენტებთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ, ვინაიდან არ გვაქვს სურვილი ბიძინა ივანიშვილის დამნაშავე ხელსიუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ“, – განაცხადა მელიამ დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. სააკაშვილი საკუთარ თავს პუტინის პატიმარს უწოდებს, არ ეთანხმება მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებს და პროტესტის ნიშნად 36-ე დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით შექმნილმა ექიმების კონსილიუმმა იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი საჭიროების შემთხვევაში მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანონ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ასეთი დაწესებულებაა გლდანის ციხის საავადმყოფო. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, მრავალპროფილური კლინიკა ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას არ გულისხმობს.

სააკაშვილი და მისი ადვოკატები კატეგორიულ უარს აცხადებენ ციხის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციაზე.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფოში იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც კონსილიუმმა განისაზღვრა, ვერ მოხდება და საჭირო იქნება, პერიოდულად სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველის შეფასებით, რომ ციხის საავადმყოფოში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას უსაფრთხოების რისკებიც ახლავს თან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]