weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პენიტენციურმა გაავრცელა კადრები და განაცხადა, რომ სააკაშვილი „საკვებს იღებს“

10:39 კვირა, 07 ნოემბერი 2021

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის მე-12 დაწესებულების სამედიცინო დახმარების ოთახში გადაღებული კადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საკვებს იღებს“. გარდა ამისა, უწყებამ გამოაქვეყნა ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ფაფების, წვენების და საკვები დანამატებს ქილების ფოტოები.

კადრების გავრცელებას წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ფაფებს და წვენებს იღებს. როგორც რატი ბრეგაძემ თქვა, „ეს არის საკვები და არა სამედიცინო დანიშნულების ფაფები“.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა“, – ნათქვამი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

კადრების გავრცელების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველის აპარატთან შეხვედრა მოითხოვა. როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, სააკაშვილმა საკვები დანამატები ექიმების თხოვნით მიიღო, როგორც გარკვეული მედიკამენტის შემცვლელი, და ეს იყო სამედიცინო საჭიროება.

„ვისაც ბავშვი ჰყავს, „სემპერის“ ფაფა ყველამ იცის. რა თქმა უნდა, ეს ფაფები ციხეებში არ იყიდება. ადგილზე ინფორმაციის გადამოწმებისას, მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ფაფის მიწოდება პატიმრისთვის სამედიცინო პერსონალის მიერ მოხდა.

როგორც პატიმარმა განგვიცხადა, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი დემურიშვილი შეხვდა მას, დაარწმუნა მიეღო ამ ტიპის დანამატები, რაც არ ითვლებოდა შიმშილობის დარღვევად და წარმოადგენდა სამედიცინო საჭიროებას.

ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ ადგილზე მყოფ სამედიცინო პერსონალთან და მათაც დაგვიდასტურეს, რომ ამ დანამატების მიღება ხდებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით, მათი მოთხოვნით და მას ერთადერთი დანიშნულება ჰქონდა, რომ სასიცოცხლო მაჩვენებლები შენარჩუნებულიყო. ჩვენ ჩანაწერებიც ვნახეთ, სადაც მითითებულია - „30 მილიგრამი“, „50 მილიგრამი“, რასაც, ბუნებრივია, კვებითი ღირებულება არ აქვს და მხოლოდ სასიცოცხლო პარამეტრების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, სამნედიცინო პერსონალი კვლავ მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილი „სრული სიმშილობის ფორმაშია“ და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

გიორგი ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია მაქსიმალურად შეინარჩუნოს მოშიმშილე პატიმრის სიცოცხლე და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომელიც პატიმარს შიმშილობის დამძიმებისკენ უბიძგებს.

„თუ მაღალი თანამდებობის პირთა განცხადებებს პატიმრის მდგომარეობის დამძიმება მოყვება, შესაძლოა ვისაუბროთ როგორც შიდა ეროვნული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაზე.

მე-12 დაწესებულებამ მიხეილ სააკაშვილს თვითონვე სთხოვა, რომ მიეღო გარკვეული დანამატები, ეს იყო სამედიცინო საჭიროება და ეს სამედიცინო საჭიროება პოლიტიკოსებმა აქციეს პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად, რაც არასწორია და შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ჯანმრთელობის უფლებაზე“, – აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განაცხადა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. სამსახური აღნიშნავს, რომ თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა გამოაცხადა. პატიმრის ადვოკატები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და საჭიროა მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]