weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუ სააკაშვილს სამოქალაქო ჰოსპიტალში არ გადაიყვანენ, 8 ნოემბერს აქცია გაიმართება – მელია

13:15 კვირა, 07 ნოემბერი 2021

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 24-საათიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, თუ მათი ეს მოთხოვნა არ შესრულდება, 8 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მასშტაბური აქცია გაიმართება. მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია, რადგან აიძულეს, მშრალ შიმშილობაზე გადასულიყო და მედიკამენტების მიღებაზეც კი უარი ეთქვა. 

„24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ თუ ხელისუფლებაში ვინმეს საღი აზრის მარცვალი შერჩენია, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც იქნება უზრუნველყოფილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ 24 საათში ამას მაინც არ გააკეთებენ და უნდათ, რომ გაგვხადონ თანამონაწილეები, მომსწრეები მიხეილ სააკაშვილის მკვლელობისა, ჩვენ ორშაბათს, საღამოს 20:00 საათზე, მთელი საქართველო ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე“, – თქვა ნიკა მელიამ აქციაზე.

როგორც მელიამ აღნიშნა, აქციის მოთხოვნის შესახებ მხარდამჭერებს თავისუფლების მოედანზე აცნობებს.

„ბრძოლა იქნება მშვიდი, ძალიან მტკიცე, მაგრამ არ შევრცხვებით ისტორიის წინაშე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააპატიმრეს, რის შემდეგაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ რუსთავის ციხის სამედიცინო დახმარების ოთახში გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც, უწყების მტკიცებით, აჩვენებს როგორ იღებს პატიმარი საკვებს და ნატურალურ წვენებს.

სახალხო დამცველის მოადგილის ინფორმაციით, სააკაშვილმა საკვები დანამატები ექიმების თხოვნით მიიღო, როგორც გარკვეული მედიკამენტის შემცვლელი. გარდა ამისა, როგორც გიორგი ბურჯანაძე ამბობს, დანამატების მიღებაში სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა თამთა დემურიშვილმა დაარწმუნა, რომელმაც მას განუმარტა, რომ ეს არ ითვლებოდა შიმშილობის დარღვევად და სამედიცინო საჭიროება იყო.

„ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ ადგილზე მყოფ სამედიცინო პერსონალთან და მათაც დაგვიდასტურეს, რომ ამ დანამატების მიღება ხდებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით, მათი მოთხოვნით და მას ერთადერთი დანიშნულება ჰქონდა, რომ სასიცოცხლო მაჩვენებლები შენარჩუნებულიყო. ჩვენ ჩანაწერებიც ვნახეთ, სადაც მითითებულია - „30 მილიგრამი“, „50 მილიგრამი“, რასაც, ბუნებრივია, კვებითი ღირებულება არ აქვს და მხოლოდ სასიცოცხლო პარამეტრების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

სახალხო დაცველის მოადგილის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია მაქსიმალურად შეინარჩუნოს მოშიმშილე პატიმრის სიცოცხლე და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომელიც პატიმარს შიმშილობის დამძიმებისკენ უბიძგებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჰოსპიტალიზაციას, იუსტიციის სამინისტრო გეგმავს, საჭიროების შემთხვევაში, ის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანოს, რასაც პატიმარი და მისი ადვოკატები ეწინააღმდეგებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]