weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მელია ოპოზიციის ლიდერის შესაძლო ლიკვიდაციაზე სუს-ის განცხადებას „ბლეფს“ უწოდებს

15:14 კვირა, 07 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ტყუილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის განცხადება იმის შესახებ, რომ აქციების ორგანიზატორები ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციას შესაძლებლობას განიხილავენ.

ამ საკითხს მელიას გუშინ, რუსთავის ციხესთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას გამოეხმაურა.

„ის ადამიანი, ვინც ბრიფინგზე დააყანა სუს-მა, არის ბაჩო მგელაძე, რომელიც ჩემი კურსელი, ჯგუფელი იყო და 5 წელიწადი ერთ სასწავლო და საცხოვრებელ კორპუსში ვსწავლობდით და ვცხოვრობდით. ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ახლა ეს ადამიანი გამოდის და საუბრობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობას გეგმავენო. აქედან მივმართავ ბაჩოს, ხომ ვმეგობრობდით ძალიან ახლოს? ისიც მოაყოლე ვის მკვლელობას აპირებენ, იქნებ შენი ყოფილი ძალიან ახლო მეგობრის? და თქვი, რატომ არ უნდა იყოს ნებისმიერი ოპოზიციური პარტიიის წარმომადგენლის უსაფრთხოება დაცული? ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის ბლეფი. ადამიანი, რომელსაც ვიცნობდი, უკადრებელს არ იაკდრებდა, დღეს ვხედავ, რომ ტყვეობაშია და რასაც ეტყვიან, ისეთ ბრიფინგს ატარებინებენ. ეს ადამიანებიც დასახსნელნი არიან. სამი თვის წინ ეს ადამიანი ჩვენი ერთ-ერთი კურსელის დედის გასვენებაში შემხვდა და მე არ გამიკრიტიკებია „ქართული ოცნება“ ისე, როგორც ის აკრიტიკებდა. მგონი, ისეთი უშვერი სიტყვებით მე არ მომხსენიებია „ქართული ოცნება“, როგორც ეს ადამიანი აკრიტიკებდა. დღეს ის ბრიფინგზე დგას და „ქართული ოცნების“ რეჟიმის სახელით განცხადებას აკეთებს“, – განაცხადა მელიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვთ პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩაყვანა. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია თბილისში.

სუს-ი ოპერატიული ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.

„სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.

აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს“, – განაცხადა ბაჩა მგელაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისთვის, დამნაშავეები კი, კანონის წესით უმკაცრესად აგებენ პასუხს.

 

ამ თემაზე:

თუ სააკაშვილს სამოქალაქო ჰოსპიტალში არ გადაიყვანენ, 8 ნოემბერს აქცია გაიმართება – მელია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]