weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დადგა დრო ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა – პრემიერი

12:02 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021

„მე მინდა კიდევ ერთხელ შევაფასო არჩევნები – ეს იყო ნამდვილად ისტორიული არჩევნები და ისტორიული გამარჯვება. რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ქვეყნის და ხალხის გამარჯვება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ღარიბაშვილმა ხალხს მადლობა გადაუხადა „გამოცხადებული ნდობისთვის“ და თქვა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ნდობა გაამართლოს.

„ეს არის უაღრესად საპატიო საქმე, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას.

ჩვენ დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება. მინდა, მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ, აქცენტი უნდა გავაკეთოთ მხოლოდ საქმეზე და ის დაპირება, ის პროექტები, ინიციატივები, რაზეც საუბარი გვქონდა საარჩევნო კამპანიის დროს, მხოლოდ ამ პროგრესზე უნდა ვისაუბროთ მოსახლეობასთან.

24-საათიან რეჟიმში, აბსოლუტურად მოტივირებულები, განახლებული, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ხალხის, ქვეყნის წინაშე დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა და ძალიან ბევრი პრობლემაა. ეს არის სამუშაო ადგილების სიმცირე, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და უნდა ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის რთულად მისაღებია „მორიგი მარცხი“, თუმცა ეს მორიგი გაკვეთილი უნდა იყოს.

„როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს მათთვის უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი.

ჩვენ ახლა გვაქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი. კიდევ ერთხელ, მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ეს კარგად გავაცნობიეროთ.

დადგა დრო, პირადი, ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს სახელმწიფოს, ხალხის, და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ, თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი. ჩვენ – მთელი მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა, მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა. ჩვენი გამარჯვება არის საერთო გამარჯვება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩევნების მოსყიდვის, მათზე ძალადობისა და ზეწოლის ფონზე ჩატარდა.

ეუთო/ოდირის და ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო, თუმცა დაფიქსირდა ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, ამომრჩევლებთა დაშინებისა და ზეწოლის შენარჩუნებული ბრალდებები და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ უპირატესობა მიანიჭა და საასპარეზო პირობები შეცვალა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს – დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]