weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არ გამიკვირდება ქართველებს „ოცნებასა“ და ევროინტეგრაციას შორის არჩევანი მოუწიოთ – კუბილიუსი

15:46 ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021

ევროპარლამენტარის, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ბოლო პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო პოზიციები, როგორც ქვეყნისა, რომელსაც ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, დაზიანდა.

კუბილიუსის თქმით, ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ესაუბრა და ცდილობდა მათთვის ნათლად ეთქვა, რა შეცდომებს უშვებენ.

„ოპოზიციის წინააღმდეგ უხეში ენა და მოქმედებები – ევროკავშირის ლიდერებისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობა, რაც მათ გააკეთეს შარლ მიშელის შეთანხმებასთან მიმართებაში, ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა და ამ დახმარებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულევლობა – ეს ყველაფერი მართლაც ქმნის საქართველოს ძალიან ცუდ იმიჯს, არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს.

ეს ძალიან დამაზიანებელია ქართველ ხალხის ნებისა და სურვილისთვის, მიუახლოვდნენ ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს არის ის, რაზედაც ძალიან ცხადად უნდა ვისაუბროთ.

არ გამიკვირდება, რომ შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება – ან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია, ვინაიდან, შესაძლოა, ამის კომბინირება ძალიან რთული გახდეს. ეს არის ის რისკი, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

კუბილუსის თქმით, ის კრიტიკულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართაც. მისი აზრით, ძალიან საჭიროა, ოპოზიციონერებმა გადახედონ თავიანთ სტრატეგიასა და გრძელვადიან მოქმედებებს.

„მათ უნდა გაიგონ, როგორ მოიგონ ისევ ქართველი ხალხის გული და გონება. ბოლო ორ წელში ამის გაკეთების მცდელობა ქუჩაში არ იყო ძალიან წარმატებული. ამ საკითხებში კარგი მრჩეველი არ ვარ, მაგრამ მათ უფრო ღრმად უნდა ჩაიხედონ საკუთარ თავში, ქართველი ხალხის განწყობებსა და იმედებში. მათ უნდა დაინახონ, რა უნდა გაკეთდეს ოპოზიციის მხრიდან, როგორ უნდა იპოვოს ოპოზიციამ ახალი ინსტრუმენტები, ახალი სტრატეგიები და ახალი მიდგომები ამომრჩევლებისადმი იმისთვის, რომ ნამდვილად დაბრუნდეს და დაეხმაროს საქართველოს, ისევ გახდეს ლიდერი ევროკავშირთან ინტეგრაციაში“, – აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]