weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა

17:24 ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება. დღევანდელი სხდომა ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც სასამართლომ არ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრება და სხდომაზე არ შეუშვა სააკაშვილის კიდევ ორი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი და ნიკა გვარამია.

ბექა ბასილაიას შეფასებით, სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს.

„სასამართლომ თქვა, რომ არ აქვს მინიშვნელობა რა მიზეზით, მთავარია, მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში. სასამართლომ თქვა, რომ სუს-ის მონაჭორზე, ცხვარაშვილის [სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი] გამონაგონზე დაყრდნობით, პროცესებს წარმართავს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე.

9 წლის მანძილზე ჩვენ გვკვებავდნენ მითით, რომ მიხეილ სააკაშვილს აგებინებდნენ პასუხს, მითით, თუ როგორი საშიში დამნაშევე იყო მიხეილ სააკაშვილი და დღეს ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გასამართლება.

ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც აკანკალებს მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენაზე.

თუ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად ჩართავდნენ, ჩვენ უზრუნველვყოფდით იმას, რომ მდგარიყო კამერა. მათ ამის ეშინიათ. ამიტომ დისტანციურ განხილვაზე ამ სამ მოსამართლეს აღარც უმსჯელია“, – განაცხადა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ელოდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისე გაუარესებას, რომ გადაადგილება და საუბარი ვეღარ შეძლოს.

„ამის შემდეგ იტყვიან „ჩვენ მზად ვართ, საბადრაგო სამსახური მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის უბრალოდ“. ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როდესაც ქუჩის პროტესტი ჩაცხრება და ხალხი გატყდება. ეს არ მოხდება, იმიტომ, რომ ყველა ხედავს როგორ უსამართლობას აქვს ადგილი“, – თქვა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე ჩატარდა. მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილი ედება, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მოსამართლეთა კოლეგიამ, ლია ორკოდაშვილის, ნინო ელიეშვილისა და მაია ქოქიაშვილის შემადგენლობით, მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გააუქმა, რადგან სასამართლო მისი გამოყენების აუცილებლობას ვეღარ ხედავს. 

უზენაესი სასამართლოს მიერ ექსპრეზიდენტი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და სასჯელს ამჟამად გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იხდის. ის 41-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]