„დღეს აქციების დაწყებამდე, სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში იძალადეს მშვიდობიან პროტესტანტებზე და ამ წუთის მდგომარეობით, მათივე ინფორმაციითაც კი, აქციის 46 მშვიდობიანი მონაწილე არის დაკავებული და გადაყვანილი ჰყავთ სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, შორის საკრებულოს დეპუტატები, პოლიტიკოსები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპროტესტო მოძრაობა შენელდება. პირიქით, ყოველდღე გაიზრდება და ჩვენ გავტეხთ ამ რეჟიმს მშვიდობიანი, უწყვეტი, თანმიმდევრული, დისციპლინირებული აქციებით.
სწორედ ამიტომ მინდა დავაანონსო მორიგი აქცია: ხვალ, 2 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან გაიმართება აქცია.
ველოდებით ველოდებით ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს. დიახაც! დღეს იყო კალკით გადმოტანის მცდელობა იმ ყველაფრისა, რასაც სჩადიან პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ.
ასეთი აქციები გაიმართება ყოველდღე, არც მეტი და არც ნაკლები ყოველდღე, მანამ, სანამ ეს რეჟიმი არ გატყდება. უკან არავინ არ დაიხევს. დააკავეთ 46 ადამიანი? ხომ არ დაგავიწყდათ, რომ 100 ათასობით, მილიონზე მეტი აქტიური მოწინააღმდეგე ჰყავს რეჟიმს? ეს რეჟიმი განწირულია მარცხისთვის. ახლა საჭიროა სიმტკიცე, სიმშვიდე და ნებისყოფა. ამ რეჟიმის დამარცხება მხოლოდ დროის საკითხია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ უწყვეტი პროტესტის დაწყების შესახებ 8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში, მისი გათავისუფლება და „მიტაცებული არჩევნების“ დაბრუნება.