მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბარისას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა, ზელენსკი დაინტერესდა უკრაინის მოქალაქის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარი სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების პირველივე დღიდან, ისევე როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკი შეეხო სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს.
„შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე განუცხადა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის.
„ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ცნობებში.
ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტიმაც გაავრცელა. როგორც მან Twitter-ში დაწერა, სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. გარდა ამისა, მან ღარიბაშვილს მიმართა მიხეილ სააკაშვილთან მისი დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების დაშვების თხოვნით.