გამგეობის ახალ საშტატო ნუსხაში, რომელიც დუშეთის საკრებულომ 2017 წლის 4 აგვისტოს დაამტკიცა, გამგებლისთვის 5 მრჩეველია გათვალისწინებული:
- მთავარი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში;
- მრჩეველი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საკითხებში;
- მრჩეველი ფინანსური მართვის, კონტროლისა და შიდა აუდიტის საკითხებში;
- მრჩეველი-კონსულტანტი საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში;
- მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში.
დუშეთის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა თავდაპირველად „რეგინფოს“ უთხრა, რომ 2 მრჩეველი ჰყავს, თუმცა მას მრჩევლების ვინაობა დავუკონკრეტეთ.
- ნოდარ კობიაშვილი ყოფილა თქვენი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.
- კი, მერე?
- ზურა ბულაშვილიც თქვენი მრჩეველი ყოფილა.
-დიახ, არის, საფინანსო საკითხებში.
- ირაკლი წიკლაური რა საკითხებშია თქვენი მრჩეველი?
- საფინანსო და ქონების მართვის საკითხებში.
- საფინანსოში ხომ მითხარით უკვე რომ ზურა ბულაშვილი გყავთ?
- ზურა ბიუჯეტის დაგეგმარების საკითხებშია მრჩეველი.
- ახლა არ მითხარით 2 მრჩეველი მყავსო?
- კიდევ არის ვინმე?
- ლეილა შაბურიშვილიც თქვენი მრჩეველი ყოფილა. რა საკითხებში?
გენდერულ საკითხებში. მოთხოვნაა ასეთი, რომ გენდერულ საკითხებში მრჩეველი გვყავდეს.
- თვითმმართველობის განხორციელების საკითხებშიც გყოლიათ მრჩეველი. ვინ არის?
- ლევან მნათობიშვილი.
- და რად გინდათ ამდენი მრჩეველი, შესაბამისი ფუნქციების სამსახურები ხომ გაქვთ გამგეობაში?
- საჭიროა ალბათ.
გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის ხელფასი თვეში 700 ლარით არის განსაზღვრული, დანარჩენი 4 მრჩევლისა კი 1 000 ლარით, რაც დუშეთის გამგეობაში სამსახურის უფროსის ანაზღაურების იდენტურია.
გარდა ამისა, დუშეთის გამგებელს ჰყავს თანაშემწეც, რომლის ხელფასი 790 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ დუშეთის გამგეობის სტრუქტურაში არსებობს შესაბამისი ფუნქციების მქონე სამსახურებიც. მაგალითად, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში დასაქმებულია 11 საჯარო მოხელე, შიდა აუდიტის სამსახურსა და იურიდიულ განყოფილებაში - 4 - 4 მოხელე და ა.შ. სულ დუშეთის გამგეობაში 148 საჯარო მოსამსახურეა დასაქმებული.