weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

პირობები ადასტურებს ეჭვს, რომ არსებობს გეგმა სააკაშვილი ციხის გარეთ მოახვედრონ – პაპუაშვილი

16:58 პარასკევი, 12 ნოემბერი 2021

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დეპუტატ შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 43 დღე გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და „დღემდე არ ყოფილა პრეტენზია გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით“. პაპუაშვილის თქმით, აქედან გამომდინარე, არ არსებობს არავითარი საფუძველი ეჭვისთვის, რომ სამედიცინო მომსახურება სათანადო სტანდარტის არ იქნება.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არის პრეტენზია იმისთვის, რათა სააკაშვილი რამენაირად ციხის გარეთ გავიდეს.

„ყველა მსჯავრდებულს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო მომსახურება უნდა გაეწიოს, ასევე შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ - შესაბამისი სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურება. ეს არის ერთადერთი პირობა, რასაც კანონმდებლობა ადგენს და რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სკუპლოზურად მიჰყვება. რაც ქართულ კანონმდებლობას სცდება, რაც ულტიმატუმის ხასიათის მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს გათვალისწინებული.

დღემდე არ არსებობს რაიმე პრეტენზია იმ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს. საუბარია, რომ რაღაც შეიძლება საჭირო გახდეს. 43 დღე გავიდა, რაც სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და დღემდე არ ყოფილა პრეტენზია გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, არ არსებობს არავითარი საფუძველი, გვქონდეს ეჭვი, რომ ამის იქეთ გაწეული სამედიცინო მომსახურება სათანადო სტანდარტის არ იქნება.

ამის იქეთ დაყენებული პირობები ადასტურებს ეჭვს, რომ არსებობს გეგმა, რამენაირად მიხეილ სააკაშვილი ციხის გარეთ მოახვედრონ და შემდეგ გარკვეული ქმედებები დაიწყონ, რაზეც ღიადაც საუბრობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მზად არის გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი და „გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი“. ის ასევე უარს აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს „უდიდეს საფრთხეს“ უკავშირდება რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფების სიახლოვის გამო.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]