weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

შეხვედრისას მესმოდა პატიმრების შეძახილები, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი – იასკო

19:14 პარასკევი, 12 ნოემბერი 2021
კადრი ლიზა იასკოს მიერ 1 ოქტომბერს Facebook-ზე გამოქვეყნებული ვიდეოდან კადრი ლიზა იასკოს მიერ 1 ოქტომბერს Facebook-ზე გამოქვეყნებული ვიდეოდან

უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში პირველად დღეს მოინახულა. ის სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან შესაბამის ნებართვას ოთხი დღე ელოდა.

ჟურნალისტებთან იასკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მის მიმართ ფსიქოლოგიურ ტერორს აქვს ადგილი.

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მას არ შეუწყვეტია შიმშილობა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გუშინ გაკეთებული განცხადება იყო ის, რომ ის მზადაა, შიმშილობა შეწყვიტოს, თუ შესრულდება პირობა და ნორმალურ, კერძო კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც იქნება ნორმალური სამედიცინო აღჭურვილობა, რომლითაც ნამდვილად შეიძლება მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ახლა ეს არ ხდება და ამიტომ მას შიმშილობა არ შეუწყვეტია.

მისი ჯანმრთელობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ნამდვილად ვფიქრობ, რომ შიმშილობის 43-ე დღეს ქმედებები უნდა იყოს განხორციელებული. სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ძალიან გარკვევით იყო ნათქვამი, რომ მას სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს ნორმალურ პირობებში. აქ, არ მგონია, რომ ნორმალური პირობების რამე ნიშანია. მას სჭირდება სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც აქ არ არის.

რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვარ რომ, საბოლოოდ, მე-4 დღეს, შევძელი მისი ნახვა.

ჩვენი შეხვედრის დროს მესმოდა პატიმრების შეძახილები, არც ძალიან ხმამაღალი, მაგრამ ყვირილი ისმოდა. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ აუმჯობესებს.

დროდადრო პატიმრები, კრიმინალები ყვირიან, წარმოთქვამენ მის სახელს. მას ასე არ უნდა ეპყრობოდნენ.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია სამედიცინო დახმარება ნორმალურ პირობებში. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა მოითხოვოს. ასევე მინდა მივმართო ქართველ ხალხს, დროა, პირველ რიგში ეს მოითხოვოთ და მოითხოვოთ ცვლილება, რადგან მისი სიცოცხლე საჭიროებს დაცვას“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მზად არის გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი და „გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი“. ის ასევე უარს აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს „უდიდეს საფრთხეს“ უკავშირდება რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფების სიახლოვის გამო.

როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს.

 

ამ თემაზე:

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარზე დროებითი ღონისძიება გამოიყენა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]