weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რეჟიმი მოეგოს გონს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო ფორმები გამწვავდება – მელია

00:14 ორშაბათი, 15 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და 15 ნოემბრის გეგმაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ხვალ, 14:00 საათზე მეტროსადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბებიან, რის შემდეგაც მსვლელობა გაიმართება და მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.

მელიას თქმით, გზის გადაკეტვა გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, „მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავე გახდება“.

„არანაირი საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ არის გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში, რეჟიმს არ გააჩნია, გარდა ერთისა – მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი შურისძიებისა.

ეს არის უმწვავესი საპროტესტო, არაძალადობრივი აქცია, რომელსაც ხვალ გავმართავთ, მსგავსი ჯერ არ გაგვიმართავს და ემსახურება გაფრთხილებას, რომ რეჟიმი მოეგოს გონს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო ფორმები გამწვავდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, უშუალოდ საავადმყოფოს შენობასთან აქცია არ გაიმართება.

„მეტიც, მე ვთავაზობ შესაბამის უწყებას, რომ ჩამოაყალიბოს ჯგუფი, სადაც შევლენ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, სააკაშვილის ადვოკატი, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ერთი წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების, მაქსიმალურად მაღალი ნდობის წევრი, რათა ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გავიაროთ, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა გაუგებრობა და ექსცესი. ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო, თქვენ გაქვთ დრო, რათა გადაარჩინოთ ადამიანი, რომელსაც კლავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო პროცესი გახდება უწვავესი, მაგრამ იქნება არაძალადობრივი, ისეთი, როგორიც ჯერ არ გინახავთ. არავინ შეეგუება ამ ქვეყანაში, ჩვენს თვალწინ, ჩვენი უმოქმედობით, თქვენი გეგმით გაყურებინოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილი 45 დღეა შიმშილობს. ის გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, სადაც 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ და ძალის გამოყენებით მოათავსეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]