weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააკაშვილის უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურებით ქვეყნის ღირსების საკითხია – კვირიკაშვილი

10:47 ორშაბათი, 15 ნოემბერი 2021

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ეხმაურება. მისი განცხადებით, პატიმარი სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც მისი მკურნალი ექიმები ითხოვენ. კვირკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და შემდგომ ქვეყნის ღირსების საკითხია.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, მასში აღმართებს (რომლებიც უდავოდ იყო) ბევრად ჭარბობს დაღმართები, რომელთა შორის ყველაზე, ყველაზე მძიმე მაინც გახლავთ ის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ვერ ააცილა ქვეყანას რუსული ოკუპაცია. შედეგი, რაც დატოვა მიხეილ სააკაშვილმა, გახლავთ მისი წინამორბედის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების უდიდესი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საქართველოდან გაყვანილი რუსული ჯარის დაბრუნება ჩვენს მიწაზე. საქართველოს არ დაუწყია ომი რუსეთთან, რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია იმ უბედურებაზე, რაც დაატრიალა და რასაც აგრძელებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ხელისუფალი, ყოველთვის უნდა ფასდებოდეს შედეგით, და ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა, არათუ ქვეყნის მართვის, არამედ პოლიტიკაში ყოფნის მორალურ უფლებასაც კი არ უნდა უტოვებდეს მას და მის მიმდევრებს, აღარაფერს ვიტყვი „ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლობის“ აშკარად არაჯანსაღ ამბიციაზე.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი: კანონის წინაშე ყველა თანაბარია, სისხლის სამართლებრივი ბრალები, რომელთა შედეგადაც გამოტანილია განაჩენები, დადასტურებულია არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების (რომლის მიმართაც მეც პირადად არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზია ჯერ კიდევ პრემიერობისას, როდესაც მძიმე წარსულის მქონე მოსამართლეები უვადოდ გაამწესეს, და ეს პროცესი დღესაც გაუგონარი სიჯიუტით გრძელდება), არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერაც. გამოძიების პროცესის და შინაარსის შეფასებაში ჩართული იყვნენ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე პროკურორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან. ამიტომაც ყოველგვარი საუბრები მის უდანაშაულობაზე რეალურ საფუძველს მოკლებულია.

პატიმარი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, პატიმარ სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეო კადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში და განსაკუთრებით რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა და დამაზიანებელია ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, ისევე როგორც პატიმრობაში მყოფ ადამიანზე (როგორც არ უნდა იქცეოდეს ის) სარკასტული ქილიკი არ არის თავსებადი ქართულ და ზოგადად კავკასიურ ადათ-წესებთან. ასევე, ვფიქრობ, რომ პატიმარი სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელიც მოთხოვნილია მისი მკურნალი ექიმების მიერ. ეს, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და შემდგომ ქვეყნის ღირსების საკითხია, ვინაიდან, როგორადაც არ უნდა ვაფასებდეთ მიხეილ სააკაშვილს პირადად და მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას, ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია“.

მიხეილ სააკაშვილი 45-ე დღეა შიმშილობს. ის გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, სადაც 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ და ძალის გამოყენებით მოათავსეს.

 

ამ თემაზე:

გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე გაგრძელება – გვარამია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]