სოსო ქარუმაშვილი 2009-2010 წლებში მუშაობდა მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულად ქალაქ ახმეტის ტერიტორიულ ორგანოში. 2010 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით გახდა ახმეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი. საკრებულოში 4 წლის მანძილზე ეკავა ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარის თანამდებობა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის გელა სამხარაულის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
„ამისთანები მინახავს რამდენიც გინდა. ეს არ არის ჩემთვის უცხო. რამდენს ჩავაცვი, მაგრამ ძალიან ბევრმა ჩაიხადა შარვალი! ფორმალური შარვლის ტარებას კიდევ ფასი სხვანაირი აქვს. ეს ყველამ ვიცით. რამდენი ტალახიდან ამოვიყვანე, იმან უარესი გააკეთა. და ეს ვიღაც ვირთხები გამოძვრნენ სოროებიდან, გაიშალნენ ბეჭებში და ფიქრობენ რომ ყველას დაავიწყდა ვინ საიდანაა გამომძვრალი. სულ ეს იყო ჯერ ჯერობით“, – წერს ზურაბ ზვიადაური.
2016 წლის ბოლოს, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, ზურაბ ზვიადაური გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტანტად დაასაქმეს და მაღალი ხელფასიც დაუნიშნეს.
შეგახსენებთ, ზურაბ ზვიადაური, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში, 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვების შემდეგ, იმდროინდელმა სახელისუფლებო ელიტამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველ ოლიმპიურ ჩემპიონად შერაცხა, რის შემდეგაც იგი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა: ზედიზედ ტარდებოდა პომპეზური საზეიმო ღონისძიებები; ზვიადაურმა ხელისუფლებისა და ცალკეული ბიზნესმენებისგან ჯილდოს სახით 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღო; ახმეტაში გაიხსნა მისი სახელობის სპორტსკოლა; ქუჩას, რომელზეც მისი სახლი მდებარეობს, ზვიადაურის სახელი ეწოდა.
ზვიადაურს გავლენა ჰქონდა ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალთა, მათ შორის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ძალოვანი მინისტრების კარზე. მაგალითად, ზვიადაურმა ლამის ყველა კოლეგა გაანაწყენა, როდესაც 2005 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჩატარებულ ე.წ. „მოჭიდავეთა აქციას“ გაემიჯნა და ხელისუფლების მხარეს დადგა.
ზვიადაურს გამორჩეულად თბილი ურთიერთობა აკავშირებდა იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ივანე მერაბიშვილთან. 2005 წელს სწორედ მერაბიშვილის წყალობით დაიხსნა პატიმრობისგან საკუთარი ძმა ზვიად ზვიადაური, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად სასტიკად ცემა ახმეტის პოლიციის დეტექტივი-გამომძიებელი მიხეილ ბაინდურიშვილი.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ზვიადაურის ძმას პატიმრობა შეუფარდეს, მან დასახმარებლად მაშინდელ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს მიმართა, თუმცა მისგან უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, ზვიადაურმა თავისი ძმისა და მისი თანამზრახველების გათავისუფლებას ივანე მერაბიშვილის წყალობით ერთ კვირაში მაინც მიაღწია.
ამის მერეც ზვიადაური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო. იგი 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს მიხეილ სააკაშვილს უჭერდა, ხოლო იმავე წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე - პეტრე ცისკარიშვილს. იგი იმავე პარტიის მხარდამჭერი იყო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც.
მოგვიანებით, სახელისუფლებო წრეებში ზვიადაურის გავლენა შემცირდა, რასაც მისი თანამონაწილეობით დაფუძნებული კომპანიის „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ფინანსური პრობლემები (27 მილიონიანი ჯარიმის დაკისრება) და მისი საქმიანობისადამი ხელისუფლების აშკარად ნეგატიური დამოკიდებულებაც დაემატა. ხელისუფლებაზე განაწყენებული ზვიადაური ბიძინა ივანიშვილის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდა და 2012 წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ წარდგენით, ახმეტის მაჟორიტარული ოლქიდან პარლამენტის წევრიც გახდა.
პარლამენტში არჩევის შემდეგ ზვიადაურმა მოკლე ვადაში შეძლო ადგილობრივ თვითმმართველობაზე სრული კონტროლის დამყარება და თითქმის ყველა საკვანძო თანამდებობაზე საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების დანიშვნა მოახერხა.