weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ ენმ-ის მოშიმშილე წევრებს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

16:12 ოთხშაბათი, 17 ნოემბერი 2021
ფოტოზე - მაია კალანდია ფოტოზე - მაია კალანდია

პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან საკრებულოს ახლად არჩეული წევრები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ, ძალის გამოყენებით გაიყვანა. დღეს, წინააღმდეგობის მიუხედავად მოშიმშილეებმა დარბაზში ლეიბები გაშალეს. ისინი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატების მიერ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყებასაც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ უმცირესობაში გადასული „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის დაჩქარებული წესით დამტკიცებას ცდილობს.

საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მანამდე გაფრთხილება მიიღეს, რომ „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სხდომათა დარბაზი გაეთავისუფლებინათ. მათ დარბაზის დატოვება საკრებულოს დაცვამ და პოლიციამაც სთხოვა, თუმცა უარი განაცხადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

საკრებულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს.

„ეს ძალის გამოყენება კი არ იყო, ეს იყო საშინელება. ჩემზე, მოშიმშილე ადამიანზე მოსინჯეს კუნთები და გამომათრიეს ძალით. პოლიცია იცავს „ქართული ოცნების“ ხელფასებს, მათ ჯიბეებს. შიმშილობას გავაგრძელებთ ჩვენი ფრაქციის ოთახში, მოსვენებას არ მივცემთ. ამათ ჰგონიათ ასე დასრულდება აყველაფერი, ლამაზად. 43 მილიონი ლარია ბიუჯეტი და 23 მილიონია ამათი ადმინისტრაციის, სიდედრების, სიმამრების, მეზობლების, აქტივისტების და იმ ადამიანების, ვინც არჩევნების ჩატარებაში ეხმარებოდნენ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მაია კალანდიამ.

პარლამენტის წევრის, ანა წითლიძის თქმით,ზუგდიდის „უკვე ვადაგასულმა საკრებულომ“, სადაც უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს, ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო და აპირებს, ის დაჩქარებული წესით მიიღოს.

„ახლად არჩეული საკრებულოები ეტევიან ყველანაირ სამართლებრივ ვადებში განიხილონ და დაამტკიცონ 2022 წლის ბიუჯეტი. თუმცა, დღეს მივიღეთ რეალობა, როდესაც საკრებულოებში უმცირესობაში გადასული მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას და განიხილავს და ემზადება 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად, იმის შიშით, რომ საკრებულოში მათ არ აქვთ უმრავლესობა და ახალი საკრებულოების პირობებში ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნას შეიძლება მოჰყვეს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ ოპოზიციის ბრალდებები უარყო და თქვა, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა შესაბამისი განრიგით მიმდინარეობს. მისი თქმით, მერიას აქვს ვალდებულება, რომ ყოველი წლის არაუგვიანეს 15 ნოემბრისა მომავალი წლის ბიუჯეტი განსახილველად გაიტანოს საკრებულოში.

„ამის შემდეგ საკრებულოს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ბიუჯეტის პროექტის საჯაროობა, განიხილონ კომისიებში, ფრაქციებში და შენიშვნებით უკან არაუგვიანეს 25 ნოემბრისა მიუბრუნოს მერიას განსახილველად. ზუსტად ამ პროცესებში ვართ დღეს. სხვა განსაკუთრებული არ ხდება“, – განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.

2017 წლის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს დეპუტატებს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურებათ. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა – მხოლოდ 20 მანდატი მოიპოვა 45-დან. „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ 22 მანდატი აქვს, 3 კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]