weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით – ზურაბიშვილი

22:36 ოთხშაბათი, 17 ნოემბერი 2021

საქართველოს პრეზდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა რთულად განსახორციელებელია, იქიდან გამომდინარე, რომ ის განსაკუთრებული პატიმარია და ამას მრავალი შესაძლო საფრთხე ახლავს თავს. ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, რომ მის მკურნალობას რამე დააკლეს.

„ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ინფორმაცია პრეზიდენტის, თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიეკუთვნება სხვა კატეგორიას, საჯარო და არა პირად მონაცემებს. იწვევს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს, რამეთუ ყველა კარგად ხვდება, რომ მათი [პრეზიდენტების] ჯანმრთელობა პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა, გავლენა იქონიოს მის სტაბილურობაზე. ასევე ყველას გვესმის, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას.

„ლოგიკურად ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ არის კიდევაც. თავის მხრივ, საზოგადოებას უფლება აქვს, ჭორების, ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის და სპეკულაციის ნაცვლად, ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია - შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და მივმართავ მას, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად და არა ნაწილობრივად შესრულებას.

ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს, სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა თუ რას ნიშნავს ეს, ან რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არაა და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე რისი დაზღვევაც ურთულესია.

ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას - შიმშილობისას, თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ.

ამიტომ, ამ მიმართულებითაც ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებს და პრეტენზიებს: რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრებს. ანუ, სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას.

ხელისუფლებას ევალება, რომ საზოგადოებას აცნობოს კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს, კიდევ ერთხელ ნუსხა არის საჭირო, და თუ არა, მოინახოს ალტერნატიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი იწვევს დიდ მღელვარებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას ევალება ყველა იმ ზომის მიღება, ყველა იმ ინფორმაციის გაცემა, ყველა იმ საფრთხის გათვალისწინება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს საზოგადოების თუ ქვეყნის სტაბილურობაზე.

„ასეთ დროს სამწუხაროა, რომ არსებულ კონსილიუმს არ მიეცა შესაძლებლობა თავისი საქმიანობის გაგრძელების თუმცა, აღსანიშნავია, სახალხო დამცველის ინიციატივა, რომ ექიმების ჯგუფის მიერ შეფასდეს არსებული მდგომარეობა და საზოგადოებას მიეწოდოს დამატებითი ინფორმაცია, რამეთუ ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად კვებავს მღელვარებას“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]