როგორც კობახიძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა შეიძლება შესაძლებელი გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება „რაღაც სპეციფიური ოპერაციის“ საჭიროება, რადგან აღარ იარსებებს თავდასხმასთან დაკავშირებული რისკები.
„ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა, უბრალოდ დააყენა ე.წ. მოთხოვნა გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ამით დაიწყო მან შიმშილობა. დღეს ის აცხადებს, რომ თუ გადაიყვანენ სამოქალაქო საავადმყოფოში, ეგრევე შეწყვეტს შიმშილობას. ანუ, მას პოლიტიკური მოთხოვნა აღარ აქვს. მან მოხსნა თავისი ულტიმატუმი, თუ რაც არის, გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ერთადერთი რასაც ითხოვს, არის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. თან ამბობს, რომ როგორც კი გადავა სამოქალაქო საავადმყოფოში, მაშინვე შეწყვეტს შიმშილობას. მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ არავითარი განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება შიმშილობის შემდგომ პერიოდს. ეს არის მარტივად, დოზირებით საკვების მიღება და ანალიზები, რაც შეიძლება გაკეთდეს გლდანშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ერთადერთი საავადმყოფო, რომელსაც მოშიმშილის მკურნალობის გამოცდილება აქვს, სწორედ გლდანის ციხის საავადმყოფოა.
„ეს პროცესი და პროცედურები გამოიარა 2000-ზე მოშიმშილე პატიმარმა გაიარა. ციხის გარეთ, ამის გამოცდილება არც ერთ საავადმყოფოს არ აქვს. ანუ, პრაქტიკულად, ა მიმართულებით სპეციალიზებული ერთადერთი საავადმყოფო არის სწორედ გლდანის ციხის საავადმყოფო. აქედან რა ჩანს, რომ რაღაც თვითმიზანია სააკაშვილის ციხიდან გაყვანა. ერთადერთი ინტერესი შეიძლება იყოს, რომ რაღაცების იმედი აქვთ იმ პირობებში, როდესაც სააკაშილი იქნება ციხის გარეთ. ზუსტად ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების რისკებთან. ეს მეტწილად არის ლოგიკური ვარაუდი, სხვანაირად აუხსნელია, რატომ შეიძლება იყოს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი სააკაშვილის გარეთ გაყვანაზე.
სამი კვირაა დაყენებულია მოთხოვნა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით. ყველამ დაინახა, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში ამის არანაირი საჭიროება არ იყო - ადამიანი არის კარგად, ჯანმრთელად, იკვებება და ა.შ. ამის საჭიროება, რეალურად, არ იყო“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და პროტესტის ნიშნად 49-ე დღეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაპატიმრების დღეს, პირველ ოქტომბერს გამოაცხადა. ექსპრეზიდენტი მზად არის, გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა.
ამ თემაზე:
ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა