weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კობახიძის განცხადებით, შესაძლოა ნინო ლომჯარიას და ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს

14:27 ხუთშაბათი, 18 ნოემბერი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას „ფეიკი“ უწოდა. როგორც კობახიძე აცხადებს, თუ ამ დასკვნას მოჰყვა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ის სცენარი, რისიც მმართველ პარტიას ეშინია, შესაძლოა ნინო ლომჯარიას და კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილ კონსილიუმს არ ენდობიან, რადგან წევრი ექიმების „უდიდესი უმრავლესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია“.

„აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი და წინასწარ ადვილად პროგნოზირებადი იყო ის ე.წ. დასკვნა, რომელიც მათ მოამზადეს – ეს ერთი.

მეორე – მათ, სინამდვილეში, უნდა მოემზადებინათ დასკვნა ე.წ. რიფიდინგთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება შიმშილობის შემდგომ მკურნალობას, ერთი მარტივი მიზეზის გამო: მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური მოთხოვნა აღარ აქვს, ის პოლიტიკური მოთხოვნით აღარ შიმშილობს, მისი ერთადერთი მოთხოვნა არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. მისი თქმით, თუ ექნება უზრუნველყოფილი შიმშილობის შემდგომი სათანადო მკურნალობა, ის შიმშილობას წყვეტს. აქედან გამომდინარე, ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით და ეს რომ არ გააკეთა, ეს კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოებულობის, ანუ იმთავითვე „ფეიკია“ ის, რაც გააკეთა ამ ე.წ. კონსილიუმმა.

ამ ეტაპზე, ეს არის ერთი მორიგი „ფეიკი“, მაგრამ თუ ამას მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და მას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია, ამ შემთხვევაში ეს მორიგი „ფეიკი“ ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის, ომბუდმენის და კონკრეტული ექიმების“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახალხო დამცველმა 8 ექიმით დაკომპლექტებული ჯგუფი 16 ნოემბერს შექმნა და განაცხადა, რომ მისი მიზანი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგი იყო. ამას წინ უძღონა ის, რომ იუსტიციის სამინისტრომ მისივე ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი გლდანის N18 დაწესებულებაში არ შეუშვა.

სახალხო დამცველის ეგიდით შქმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა გუშინ გახდა ცნობილი. მასში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

გარდა ამისა, სახალხო დამცველმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მესამე მხარედ ჩართოს. როგორც ნინო ლომჯარიამ განმარტა, თუ სტრასბურგის სასამართო ამ თხოვნას გაითვალისწინებს, ექნება შესაძლებლობა, სასამართლოს წარუდგინოს სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაცია პაციენტ და პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.

„თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ არ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნა, აღნიშნული დასკვნა ითამაშებს გადამწყვეტ როლს სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან პაციენტის უფლებრივი მდგომარეობის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი უსაფრთხოების და სამედიცინო დახმარების ადეკვატურობის შესაფასებლად“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გამოიყენა. სასამართლომ მოითხოვა, რომ საქართველოს მთავრობამ აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა. ასევე, უნდა შედგეს მისი ჯანმრთელობის აღდგენის გეგმა. ამავე დროს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მხარეებმა დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ევროსასამართლოს 24 ნოემბრამდე უნდა წარუდგინონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]