weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მზად ვართ რუსეთთან მოკავშირეული ურთიერთობა დავამყაროთ – „ალტ-ინფომ“ პარტია დააფუძნა

14:45 შაბათი, 20 ნოემბერი 2021

ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა პლატფორმამ, „ალტ-ინფომ“ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა. დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს, ხოლო პოლიტსაბჭოს წევრები ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია იქნებიან.

მახარაძის განცხადებით, „კონსერვატიული მოძრაობის“ ამოცანაა, საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის ნაცვლად, ქრისტიანული დემოკრატია დაამყაროს. მან მთავარ პრობლემებად უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და დემოგრაფია დაასახელა, მათ გადაჭრის გზად კი „რუსეთთან ურთიერთობის დალაგება“.

„რას ვაპირებთ ჩვენ? ჩვენ რასაც ვაპირებთ, პირდაპირ ვამბობთ, არაფერი იქნება დაფარული. ყველა ვინც ჩვენს პარტიაში შემოდის, იცის რატომ და რისთვის შემოვიდა.

ყველა ამ პრობლემის გასაღები არის კონკრეტულ ადგილას. ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დედაქალაქი. კრემლში წყდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

მოსწონს ეს ვინმეს, თუ არ მოსწონს, ჩვენ, რა თქმა უნდა, პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ ძმებთან, მაგრამ მაგ კონფლიქტის გასაღები რომ მოსკოვშია, ამას ვინმე თუ ვერ ხვდება, შტერია, ხოლო თუ ხვდება და არ აღიარებს, მაშინ მავნებელია, რადგან არ უნდა, რომ ეს მოგვარდეს.

ჩვენი ეკონომიკური ამოსუნთქვა, წინსვლა პირდაპირ მიბმულია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები აღარ იყვნენ მარტო უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტების მომსახურე პერსონალი. ქართველმა კაცმა უნდა შეძლოს აქ რაღაც შექმნას, აწარმოოს, მოიყვანოს და უნდა იყოს გასაღების ბაზარი, სადაც ამ ყველაფერს გაყიდის და არჩენს ოჯახს.

ჩვენი პრობლემის უდიდესი ნაწილი - უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, დემოგრაფია და ეკონომიკა, გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვართ დე-ფაქტო ვასალების მდგომარეობაში.

ჩვენ ვაპირებთ ყველაფრის დათვლას მარტო ამ პერსპექტივიდან - საქართველოს ინტერესები უპირველეს ყოვლისა. აქვს ვინმეს ჩვენთვის რამე სათქმელი ევროპიდან? დიდი სიამოვნებით. აქვს ვინმეს რამე სათქმელი და შემოსათავაზებელი ამერიკიდან? დიდი სიამოვნებით. აქვს ვინმეს რამე სათქმელი რუსეთიდან? დიდი სიამოვნებით!

მე არ მესმის, როგორ შეიძლება იყო საქართველოში ან რუსეთუმე, ან პროამერიკელი, ან პროევროპელი. ქართველი უნდა იყოს პროქართული ორიენტაციის!

რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ რუსეთს როცა იქ ჩავალთ? ყველაფერი იქნება თქვენთან შეთანხმებული და დეკლარირებული. სათქმელი გვაქვს კონკრეტული – თუ რუსეთის ფედერაციას მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ მჭიდრო პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა. 

მზად ვართ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გენერალური ხაზის პარალელურად ვისაუბროთ იმ უსაფრთხოების და ეკონომიკური სისტემის საქართველოს ინტეგრაციაზე, რაც მათი ინტერესია, ოღონდ ეს მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ეკონომიკური მდგომარეობის და დემოგრაფიის გამოსწორების ხარჯზე“, – განაცხადა მახარაძემ.

შპს „ალტ-ინფოს“, რომელიც სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით ჰომოფობიურ, ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ნარატივებს ავრცელებს, კომუნიკაციების კომისიისგან მაუწყებლობის ავტორიზაცია აქვს მინიჭებული. ეს ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზებაში. მომიტინგეებს მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მისვლისკენ „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ მოუწოდა, ზურაბ მახარაძე კი 6 ივლისის კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ელჩები „თავიანთ საელჩოებში უნდა დაეტიონ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]