weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი – ივანიშვილი Credit Suisse-თან დავისას

22:29 შაბათი, 20 ნოემბერი 2021

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოსთვის Credit Suisse Group AG-სთან დავის ფარგლებში ჩვენების მიცემის დროს ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა.

ჩვენების მიცემის ამსახველი ვიდეოს ფრაგმენტი ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. ტელეარხის ინფორმაციით, შვეიცარული ბანკის იურისტმა ივანიშვილს ბევრჯერ ჰკითხა, რა როლი ჰქონდა ღარიბაშვილს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებისას.

„ერთ პატარა რემარკს გავაკეთებ ღარიბაშვილთან დაკავშირებით და ზოგადად, ასისტენტებზე კარგი იქნება, რახან ღარიბაშვილი ასე აინტერესებს. ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი. ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. თუ Credit Suisse მიმანიშნებდა, რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მილიარდერმა ირაკლი ღარიბაშვილის როლი და ფუნქციები ასე განმარტა:

„აი, წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, იგივე, ვთქვათ, ჩამოდიოდა დელეგაცია, დელეგაციას უნდოდა დროის შეთანხმება, მინდოდა რაღაც ფულის გადარიცხვა, ვთქვათ, ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება და ასეთი, მსგავსი. თვეში ერთხელ გაეგო ანგარიშზე რა თანხებია, რა დარჩა და ასე შემდეგ. ღარიბაშვილს არ ჰქონდა არც იურიდიული განათლება ამის და მით უმეტეს, არც ფინანსური“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამის შემდეგ მას ჰკითხეს, ირაკლი ღარიბაშვილი მდივანივით ჰყავდა თუ არა, რაზეც უპასუხა: „რაც გინდათ, ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩივის, რადგან მიაჩნია, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის თაღლითობა, რის შედეგადაც ქონებიდან დაახლოებით 400 მილიონი დოლარი დაკარგა.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოს სხდომაზე საქართველოდან, თარჯიმნის საშუალებით ჩაერთო.

„ისეთი თავხედობა, როგორიც Credit Suisse-თან ურთიერთობაში გამოვცადე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოში ყველაზე ველური კაპიტალიზმის პირობებშიც კი არ შემხვედრია. მე არასოდეს მინახავს, რომ კლიენტს სხვაგან ასე ცუდად ეპყრობოდნენ. ეს იყო შოკი იმ მასშტაბით, რომ ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა“, – ციტირებს Bloomberg-ი ივანიშვილის განცხადებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]