weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას, 18 წლის შემდეგ ხელახლა ვდებ ამ ფიცს – სააკაშვილი

10:22 სამშაბათი, 23 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავზე რევოლუციის მნიშვნელობასა და ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდზე საუბრობს. მისი თქმით, ამ პერიოდში ქვეყანა ყველაზე სწრაფად ვითარდებოდა და „რეგიონის სუპერვარსკვლავად“ იქცა. სააკაშვილი ფიცს დებს, რომ საქართველო „ძველ დიდებას და ბრწყინვალებას“ დაიბრუნებს.

„ვარდების რევოლუციიდან“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გავრცელებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო განსაკუთრებულო ხალხო, „ვარდების რევოლუცია“ თქვენი შექმნილია და მინდა შეგახსენოთ, რომ რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა „ერი სხვა ერთა შორის“, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. ამერიკის პრეზიდენტი საგანგებოდ ჩამოვიდა და გვიწოდა „მსოფლიო დემოკრატიის შუქურა“. მითხრა, რომ ეს ვიზიტი იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი მოგზაურობა.

ქართველები ვართ განსაკუთრებული ერი! არ ვიმსახურებთ არც სიღატაკეს და არც სიბნელეს! ჩვენ არ ვართ ზარმაცები, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ, არამედ იმ 9 წელიწადში ყველაზე სწრაფად ვმუშაობდით და ვვითარდებოდით.

მე რომ არ მჯეროდეს ჩემი ერის გამბედაობის და დიდბუნებოვნების, სიცოცხლეს არ გავრისკავდი და არ ჩამოვიდოდი ახლა. დიახ, მე ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელში ჩავდე იმიტომ, რომ მე მჯერა თქვენი და თქვენც უნდა ირწმუნოთ საკუთარი ძალების.

„ვარდების რევოლუციის“ თაობაა ის ხალხი, ვინც უმაღლესში ქრთამის გარეშე ჩააბარა, ვინც სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში ისწავლა, ვინც უსაფრთხო სკოლაში გაიზარდა და არაძველბიჭურ გარემოში გადიოდა გარეთ. „ვარდების რევოლუციის“ თაობაა თავისუფალი, ლაღი გოგო-ბიჭები, რომელთათვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა.

როდესაც საქართველოს ჰიმნის პირველი რედაქცია მომაწოდეს, საკუთარი ხელით დავამატე სიტყვები,(რომელიც ამოღებულ იქნა) - „თავისუფლება დღეს ჩვენი“... ეს ჩემი ცხოვრების დევიზია და ეს სიტყვები როგორც არასდროს, ისე აქტუალურია დღეს ჩვენთვის.

„ვარდების რევოლუციამ“ საქართველო რეგიონის სუპერვარსკვლავად აქცია და მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. ის იყო შთაგონება უკრაინის, ყირგიზეთის, ლიბანის, არაბული სამყაროს რევოლუციებისთვის. ჩვენს რეფორმებზე საუბრობდა მთელი მსოფლიო, რის გამოც საქართველო მტრის განსაკუთრებულ სიძულვილს იმსახურებდა.

ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას! დღეს, თქვენს წინაშე, 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ამ ფიცს!

ყველანი უნდა გავერთიანდეთ მიუხედავად წარსულისა, მომავლის გამო!

ქართველები დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და დავანახებთ ყველას, რომ არც ზარმაცები ვართ და არც გამყიდველები. არც უმნიშვნელოები ვართ და არც მონობისთვის დაბადებულები!თავისუფლება დღეს ჩვენი! წმინდა გიორგი შეგვეწიოს ჩვენს გარდაუვალ გამარჯვებაში!“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა.

ყოფილი პრეზიდენტმა, რომელიც ახლა უკრაინის მოქალაქეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე შიმშილობა გამოაცხადა. ის 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ და ძალის გამოყენებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შიმშილობის 50-ე დღეს, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. მან შიმშილობა შეწყვიტა და რეაბილიტაციას გადის.

უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები ისევ გრძელდება. 20 ოქტომბერს, საქართველოში არალეგალურად შემოსვლიდან 23-ე დღეს, სააკაშვილს ბრალი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლითაც წარუდგინეს. მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლება ჯერ არ მისცემია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]