„ყველა თემას შევეხებით, რაც უკავშირდება ადგილობრივ პოლიტიკას, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი თემა, ალბათ იქნება სააკაშვილიც, თუმცა, ჩვენთვის მთავარია, რომ მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც ქვეყნის სამომავლო განვითარებას უკავშირდება“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, საქართველოსთვის და ასევე, მისი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დღის წესრიგი შეიცვალოს და „გამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან“.
„ეს თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარდა იმ დეტალებისა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში, საუბარი სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მათი ვიზიტის მთავარი თემა არის ის, რომ მაქსიმალურად ეცადონ ევროპარლამენტარების მხარდაჭერის მოპოვებას იმ საერთაშორისო საკითხებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას.
„ეს არის ჩვენი უსაფრთხოება, ევროკავშირში ინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია. ევროპარლამენტარები არიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები თავიანთ სახელმწიფოებშიც და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერის ქონა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.