როგორც ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, მადლობელი არიან იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველო სიბნელიდან გამოიყვანა და „ქართულ ოცნებას“ აშენებული ქვეყანა დაუტოვა.
„ჯაჭვამდე მინდოდა, რომ მიშასთვის გვეთქვა მადლობა, იმიტომ, რომ „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი ახლა გისოსებს მიღმაა. მადლობა „ვარდების რევოლუციისთვის“ და იმისთვის, რომ თქვენ ჩემსავით არ გიწევთ პურის რიგში დგომა; იმისთვის, რომ დღეს შუქი არის (დღეს კი ეცინებათ ამ ყველაფერზე, მაგრამ ჩვენ ამ რეალობაში გავიზარდეთ); იმისთვის, რომ სიბნელიდან ეს ქვეყანა გამოიყვანა და „ქართულ ოცნებას“ მემკვიდრეობად აშენებული ქვეყანა დაუტოვა. აი, ამისთვის მადლობა“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან.
ტელეწამყვანის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მისვლისგან თავი შეიკავეს და იმ ქუჩაზე შეიკრიბნენ, რომელსაც რეაბილიტაცია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაუტარდა.
„ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტებისთვისაც კი მადლობის თქმა უნდა ვისწავლოთ. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი მოგვწონს თუ არა, ვინც ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია, ვინც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რაღაცები გააკეთა, უნდა ვუთხრათ მადლობა“, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პირობა აქვს დადებული, რომ საავადმყოფოსთან აქციებს არ გამართავენ.