„კვირის ბოლოს მე, მეგობრებთან ერთად, ძალიან კონკრეტულ გეგმას დავდებ. საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის ჩვენი გაწერილი, დიახაც, მისხალ-მისხალ, რამდენადაც შესაძლებელია, სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ყველაფერთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინებაც.
თქვენც, მეც და რუსთაველის გამზირზე მყოფ ბევრ ადამიანს გუშინვე გვინდოდა, რომ ოლიგარქი არ ყოფილიყო დაპატრონებული სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონოდა.
უახლოეს მომავალში ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ წუწუნი იმაზე, გუშინ რატომ არ მოხდა, საქმეს ხვალ და ზეგ არ წაადგება. წუწუნი, ხვნეშა და თვითგვემა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს რობოკოპები ჰყავს და რატომ ვერ ვერევით... არათუ ვერ ვერევით, ბიძინა ივანიშვილს სისხლისღვრაში არ შევყევით, რადგან იმ ძალისთვის, რომელსაც მორალური და ზნეობრივი საყრდენი გამოცლილი აქვს, ფუფუნებაა, რომ შეჰყვე ისეთ სცენარში, რომელშიც ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთ ხსნას ხედავენ“, – განაცხადა მელიამ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნების საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს. მან ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დიდხანს ვერ იქნება.