weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ჩემი მძევლობით ივანიშვილი მნიშვნელოვნად აფერხებს კოალიციური მთავრობის შექმნას – სააკაშვილი

10:19 ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. მისი განცხადებით, შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი მეთოდი მასობრივი მშვიდობიანი აქციებია.

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის. როგორც ის ამბობს, დარწმუნებულია, რომ პუტინი, ივანიშვილის ხელით, ყველაფერს იზამს მისი ფიზიკური ლიკვიდაციისთვის.

„რომ არა თქვენი მრავალრიცხოვანი აქციები, ნინო ლომჯარიას გამბედაობა და კომპეტენტურობა, რომ არა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვნება ქვეყნის დასავლური ორიენტაციის დაცვის მიმართულებით, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, არაფერი გამოვიდოდა.

ჩემი მძევლობით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სრულად აკრძალვით, ყველა ჩემი კანონიერი უფლების მიზანმიმართული დარღვევის გზით, მე არ მეძლევა არანაირი შესაძლებლობა, ჩავერთო ქართველი ხალხის გადამწყვეტ ბრძოლაში ბნელი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

ივანიშვილის სასამართლოში ნულოვანია ჩემი შანსი, ვიპოვნო სამართალი. ივანიშვილს რომ მართლა სურდეს ჩემი გასამართლება სამართლიანობის აღდგენის მოტივით, იგი დათანხმდებოდა ჩემს მიერ შეთავაზებული მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს შესახებ. კვლავ ვიმეორებ ამ შეთავაზებას და ვაცხადებ, რომ მე, ივანიშვილისგან განსხვავებით, არ მეშინია თავისუფლად და საჯაროდ წარვსდგე სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ქართველი ხალხის თვალწინ დავიცვა ჩემი სიმართლე და გავიმარჯვო.

მიუხედავად ამისა, უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მომცენ და დამასწრონ ჩემს პროცესებს, სადაც დაველაპარაკები ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს და მის მარიონეტებს.

სავსებით ნათელია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი მეთოდი მასობრივი მშვიდობიანი აქციებია.

რაც უფრო გამბედავები და დაუღალავები ვიქნებით, მით უფრო მივუახლოვდებით ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებას, რაც მოიტანს არამხოლოდ ჩემს, არამედ ყველა უკანონოდ დევნილის თავისუფლებას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, უმჯობესი იქნება მისი გათავისუფლების კამპანიებზე არა ოპოზიციურმა პარტიებმა, არამედ საინიციატივო ჯგუფმა იმუშაობს. სააკაშვილი საზოგადოებას შეახსენებს, რომ მომავალ ხელისუფლებაში საკუთარ თავს არ ხედავს.

„რათა გავფანტოთ სუს-ის მიერ ცირკულირებული სპეკულაციები, ასევე მანევრირებისთვის მეტი სივრცე და მთავარ საკითხზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა დავუტოვოთ ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკურ ხაზს და მეორე მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას.

შეგახსენებთ, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში. ჩემი მძევლად აყვანით და ხალხთან ურთიერთობის აკრძალვით, ივანიშვილი, ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემზე იძიებს შურს, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნას ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.

შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს. ჩაერთეთ ყველანი. ვინც ვერ ახერხებს გამოსვლას, საკვებით დაეხმარეთ დემონსტრანტებს.

ახლა, ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად, რაც ფიზიკურად მომაკვდინებელია ჩემთვის და ისტორიულად მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის. ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან და აქტიურობა, აქტიურობა და აქტიურობა“, – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაბრუნდა. ის თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის, „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]