weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბიუჯეტების დამტკიცება განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო – სუბარი

17:05 პარასკევი, 26 ნოემბერი 2021

„ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობებს დაემტკიცებინა, შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარმა დღეს დილიდან ზუგდიდსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს „დესტრუქციული ოპოზიციის კიდევ ერთი სპექტაკლი“ უწოდა.

„დღეს ოპოზიციას არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვს და მათი მთავარი მესიჯბოქსი „ფეიკზე“ გადის. ისინი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ვადაგასულს უწოდებენ, თუმცა, თავადვე ამბობენ, რომ საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილებას ვადა მაშინ გასდის, როდესაც ახლადარჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა გაიხსნება, რაც ჯერ არ მომხდარა.

ამ ადამიანების დღევანდელი მოქმედებით დასტურდება, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, პრობლემების შექმნას აპირებდნენ, რათა არ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი, გაჩერებულიყო მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება და საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე, მნიშვნელოვანი ბარიერები შეექმნათ“, – განაცხადა სუბარმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

სოზარ სუბარის თქმით, ახალ საკრებულოებს ექნებათ შესაძლებლობა, აკონტროლონ, რამდენად კარგად სრულდება დამტკიცებული ბიუჯეტები.

„მსგავსი გადაწყვეტილება იქნა მიღებული არა მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც ერთგვარად უმრავლესობა არ აქვს „ქართულ ოცნებას“ არამედ იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც, სადაც მას უმრავლესობა აქვს. მაგალითად, ქარელი, თიანეთი, ლანჩხუთი არის ის მუნიციპალიტეტები, სადაც ჩვენ გვაქვს უმრავლესობა და სადაც ასევე დამტკიცდა ბიუჯეტები, რადგან თვითმმართველობამ ასე ჩათვალა უკეთესად. იქ არანაირი ჩარევა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეკითხვას, ეშინოდა, თუ არა „ქართულ ოცნებას“, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობების მიერ ბიუჯეტის რამდენჯერმე ჩაგდებას რიგგარეშე არჩევნები მოჰყვებოდა, სუბარმა ასე უპასუხა:

„რიგგარეშე არჩევნები ყოველთვის არის ზედმეტი ხმაური, ზედმეტი ფინანსური ტვირთი ქვეყნისთვის, თორემ, სინამდვილეში, იმ დგომარეობაში, რაშიც დღეს ოპოზიციაა, სრულიად სხვა სურათი დაიდებოდა - არა მხოლოდ მერებს მოვიგებდით, რაც ისედაც მოგებული გვაქვს, არამედ საკრებულოებშიც უმრავლესობა გვეყოლებოდა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ზედმეტი ტვირთი იქნებოდა ბიუჯეტისთვის და ხალხის შეწუხებაც ზედმეტი იქნებოდა“.

დღეს, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების ძველმა შემადგენლობებმა დაჩქარებულად, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, შეძლეს 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.

ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]