weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა

11:00 შაბათი, 27 ნოემბერი 2021

საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციის პროცესი შეაჩერა ზურაბ მახარიძის მიერ წარდგენილ განცხადებაში არაერთი ხარვეზების გამოვლენის გამო. რეესტრმა განმცხადებელს ხარვეზების აღმოსაფხვრელად 10 დღიანი ვადა მისცა.

პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 20 ნოემბერს გაიმართა, 22 ნოემბერს კი საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ საჭირო დოკუმენტები, მათ შორის, ყრილობის ოქმი და წესდება წარადგინეს. საჯარო რეესტრის განმარტებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება რეგისტრაციის პირობებს შემდეგ გარემოებათა გამო:

  • ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერს წარმოდგენილ განცხადებას. კანონით განსაზღვრულია ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერილი განცხადების წარდგენის ვალდებულება.
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდების 22.2 მუხლის მიხედვით, „წესდება ძალაში შედის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.“ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდება ხელმოწერილია მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარის მიერ.
  • კანონის მიხედვით, პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში, სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებითა და მათი ხელმოწერებით. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავს ინფორმაციას მათი პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ.
  • სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებულია არაერთგვაროვნად.
  • წესდების 21.2 მუხლის მიხედვით „პარტიის ემბლემა არის შინდისფრად გამოსახული 5 მცირე ზომის ჯვარი, რომელიც მთლიანობაში გამოსახულია ერთი დიდი ზომის ჯვრის სახით. ჯვრის გვერდით, ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოდგენილია პარტიის ოფიციალური დასახელება“. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას.
  • კანონის შესაბამისად, პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოები არიან: „პარტიის წევრთა ყრილობა (კონგრესი, ასამბლეა, კონფერენცია და სხვ.), გამგეობა (საბჭო, დარბაზი, სამდივნო, კომიტეტი და სხვ.), სარევიზიო კომისია (საზედამხედველო კომისია, საკონტროლო კომისია და სხვ.). პარტიის ხელმძღვანელი ორგანო – პარტიის წევრთა ყრილობა არის პარტიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.“ სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით პარტიის ყრილობა არ არის განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ. ასევე, სარევიზიო კომისია არ მოიხსენიება ერთგვაროვნად წესდების 6.4, 6.6, 6.7, 12.1.6 მუხლებში.
  • კანონის მიხედვით, ყრილობის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა პარტიის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების არჩევა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდების 10.3 მუხლი პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის ნაცვლად ითვალისწინებს დანიშვნას.
  • წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებს.
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდების 16.3. მუხლის მიხედვით, „პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს პოლიტიკური საბჭოს მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთი წევრი“. ამავე წესდების 17.5 მუხლის მიხედვით, „პარტიის გენერალური მდივანი ასრულებს პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას პარტიის თავმჯდომარის არყოფნის და/ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.“ წესდების 16.3. და 17.5. მუხლები ურთიერთშეუსაბამოა.

20 ნოემბერს, ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა პლატფორმამ, „ალტ-ინფომ“ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა. დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს, ხოლო პოლიტსაბჭოს წევრებად ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია.

მახარაძის განცხადებით, „კონსერვატიული მოძრაობის“ ამოცანაა, საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის ნაცვლად, ქრისტიანული დემოკრატია დაამყაროს. მან მთავარ პრობლემებად უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და დემოგრაფია დაასახელა, მათ გადაჭრის გზად კი „რუსეთთან ურთიერთობის დალაგება“.

შპს „ალტ-ინფოს“, რომელიც სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით ჰომოფობიურ, ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ნარატივებს ავრცელებს, კომუნიკაციების კომისიისგან მაუწყებლობის ავტორიზაცია აქვს მინიჭებული. ეს ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზებაში. მომიტინგეებს მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მისვლისკენ „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ მოუწოდა, ზურაბ მახარაძე კი 6 ივლისის კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ელჩები „თავიანთ საელჩოებში უნდა დაეტიონ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]