პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე იმართება. მოსამართლემ განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ედება. ეს გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისში დილით გადმოიყვანეს. სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მისი მხარდამჭერების და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების აქცია მიმდინარეობს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააპატიმრეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
სააკაშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, ის ბრალდებულია 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.
მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად, დაკავების დღიდან შიმშილობდა. მან შიმშილობა 19 ნომებრის შემდეგ შეწყვიტა, რაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილს საკუთარ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა მისცეს.