სასამართლოს დარბაზში, სადაც 7 ნოემბრის საქმე განიხილება, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართა:
„ეს არის ქვეყანა, სადა 6 ევროპელი ლიდერი სიცოცხლის რისკის ფასად შემოვიდა და დადგა ჩვენთან ერთად მოედანზე. ეს იყო ქვეყანა, სადაც ომის დროს გერმანიის კანცლერი ჩამოვიდა, თურქეთის პრეზიდენტი, კიდევ 4 თუ 5 სხვა ლიდერი, ვერ ჩამოვთვლი, დიდი სამიტი გაიმართა საქართველოს დასაცავად პრაქტიკულად ბომბების ქვეშ. ის, რაც ამათ ცეკვა-თამაში ეგონათ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული ფურცელი იყო, როცა 6 ევროპელი ლიდერი თბილისის ცენტრში ასობით ათასი ადამიანის წინ იყო და ჩვენ შევინარჩუნეთ, გადავარჩინეთ საქართველოს დედაქალაქი.
ეს იყო ქვეყანა, სადაც ტურისტულ სეზონს გვიხსნიდა მონაკოს პრინცი პირდაპირ თავისი თაფლობის თვით, ოპერის სეზონს გვიხნიდნენ კარერასი და დომინგო, მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი მომღერალი, დარჩენილი, ტურიზმი გაიზარდა 70 ათასიდან (როცა მე გავხდი პრეზიდენტი და ყველა გიჟს მეძახდა, როცა ვამბობდი, 5 მილიონი იქნება-თქო) 8 მილიონამდე, ოღონდ მე ისეთი ტურისტები კი არ წარმოვიდგინე, ვინც ახლა დაძრწიან იქ, არამედ წარმოვიდგინე ისეთები, ვინც გადაიხდიდნენ 5-ჯერ, 6-ჯერ მეტს ქართული ოჯახებისთვის და საქართველოს გასავითარებლად.
ეს იყო ქვეყანა, რომელიც აშენებდა ახალ ქალაქებს. რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული. რომ დამცლოდა, ლაზიკა უკვე იქნებოდა აშენებული და იქნებოდა შავი ზღვის ყველაზე ბრწყინვალე პორტი.
ქუთაისი პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა, იმიტომ, რომ ჩემი კონცეფცია იყო, რომ რეგიონები უნდა განვითარდეს, ქუთაისებელი უნდა ამაყობდნენ, რომ ძალიან მაგარ ქალაქში ცხოვრობენ და არა რაღაც ჩამორჩენილ ადგილზე, რომელიც პრაქტიკულად სოფლად აქციეს და პარლამენტს ძოვენ ძროხები. იმიტომ გადავიტანეთ იქ პარლამენტი. ბათუმში გადავიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლო, ლაზიკაში უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავარი ფინანსური ცენტრი, ბათუმში შენდებოდა ყველაზე დიდი საკრუიზო კომპანიის „რიოალ კარიბიანის“ საკრუიზო ტერმინალი, ერთადერთი შავ ზღვაზე. მე ოდესის გუბერნატორიც ვიყავი და ოდესას არც დაესიზმრებოდა ის, რაც ჩვენ ბათუმში გავაკეთეთ. ეს არის ის, რაზეც კეთილი შურით გვიყურებდა ბევრი ჩვენი მეზობელი.
და ახლა, ამ ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ შენობა ავაშენეთ, ეს დროშა დავკიდეთ, ეს გერბი შევქმენით და რაც მთავარია, შევქმენით სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ასწლეულები არ ჰქონდა საქართველოს, მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი – ლუარსაბ მეფის შემდეგ, 400 წლის წინ რომ მოხდა ეს ამბავი – რომელიც მოხვდა პატიმრობაში.
ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს. ეს არის ყველაზე დიდი დამცირება. მე არ მჯერა, რომ ესენი ქართველები არიან, ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია, მთელი მსოფლიო არის გაოგნებული, რომ მე ამ შუშის იქიდან უნდა მოგმართავდეთ, იმის მაგვივრად, რომ შემეძლოს ჩემს აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული და თქვენთან ერთად მისი შემდგომი განვითარება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ედება. ეს გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.