weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ეს ბევრ ქვეყანაში ხდება, აზრად არავის მოსდის საქმეების აღძვრა – სააკაშვილი 7 ნოემბერზე

17:51 ორშაბათი, 29 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ტელევიზიით აკვირდებოდა, ინსტრუქციები არავისთვის მიუცია და სამართალდამცველები ასრულებდნენ თავის მოვალეობას ისე, როგორც ესმოდათ. სააკაშვილის თქმით, მსგავსი რამ ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება, თუმცა სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა აზრად არავის მოსდის „განსაკუთრებული მანიაკების გარდა“.

„7 ნოემბრის საქმეს რაც შეეხება, ჯერ ერთი, 7 ნოემბრის კადრებს მუდმივად რომ ატრიალებთ, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და ამას დღემდე ცუდად ვიგონებ, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?! შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს. ეს ერთი. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესმა თანამდებობის პირმა თავისი პირდაპირი მოწოდებით?

მაგრამ მე მინდა ვილაპარაკო იმაზე, რა გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო მაშინ საქართველოში. საქართველო მიდიოდა ნატოსკენ. 2006 წელს პუტინმა მითხრა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. იმ წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მითხრა: ვინ არის ეს არკადი პატარკაციშვილიო, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ჩემთან უნდა ჩამოსვლა და ითხოვს ჩემთან შეხვედრის ნებართვასო. მე ვუთხარი, როგორც გინდა ქენი, მაგრამ არაფერი სარფიანი მაგ საქმიდან არ გამოვა-მეთქი. ეს არ მიიღო. პატარკაციშვილი მაინც ჩადის მინსკში და მერე მიყვება ლუკაშენკო – დამირეკა პუტინმა და მითხრაო: „ბიჭები მოვლენო და ისაუბრებენ პატარაკაციშვილთან, აუცილებელი არ არის შენთვის მისი ნახვაო“. ლუკაშენკოს ნათქვამია, რომ „ეფ ეს ბეს“ სამი გენერალი ჩავიდა და პატარკაციშვილს შეხვდა და ამის შემდეგ, პუტინმა ლუკაშენკოს გამოუცხადა, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტიო. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში. ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს დიდი გამოსვლები პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული. პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული – მათთვის, ვისაც აინტერესებს რუსეთი რა შუაშია.

სუს-ში უნდა ინახებოდეს ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს წერილი, რომელიც მოგვწერეს თუ არ ვცდები, 2007 წლის ოქტომბერში, სადაც გვითხრეს, რომ ერევანში ჩამოსულები იყვნენ კანონიერი ქურდები, უსოიანი და რამდენიმე კანონიერი ქურდი, რომელთა ფუნქცია იყო არეულობების ორგანიზაცია საქართველოს დედაქალაქში. ეს არის „ეფ ბი აის“ გაფრთხილება.

2007 წლის ოქტომბერს თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია, ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი, რამდენიმე მნიშვნელოვანი სააგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის ელჩი ნატოში და პრაქტიკულად ამ კონფერენციაზე გადაწყდა საქართველოსთვის MAP-ის მიღება. წავიდნენ 30 ოქტომბერს, 2 ნოემბერს კი მოხდა დიდი გამოსვლა.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ან რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ.

ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები: მაგალითად, რამდენიმე ათეული ათასი პოლიციელი დარჩა უმუშევარი, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადაეწყო ახალ რელსებზე, მაგ დროისთვის ინფლაცია იყო არა ისეთი დიდი, როგორც ახლა, მაგრამ იყო საკმაოდ მაღალი, ვიღაცას ჰქონდა მეტი შემოსავალი, ვიღაც გაღარიბდა. ამიტომ, ხალხს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო ჩვენზე გაბრაზებული.

მართლაც იყო დიდი მიტინგი, მე ეს მივიღე დიდ სიგნალად. ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოსთქვა სიტყვა და ამით ნათელი იყო, რისთვის და როგორ ეწყობოდა ეს. შემდეგ გაგრძელდა იქ პატარა საპროტესტო აქციები და 7- ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ იქ რაღაც პატარა შეტაკება მოუვიდა პოლიციას იმასთან, მერე გადაიზრდა იმაში, ჩვეულებრივი საპოლიციო... აი, დაახლოებით ისეთი რაღაც მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, როცა ვიღაც დემონსტრანტებს გაზი შეასხეს და ვიღაცები დააკავეს.

ამის შემდეგ ბევრად ბევრი ხალხი გამოვიდა, უკვე სცენაზე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი.

მე ამ ყველაფერს ტელევიზიით ვუყურებდი, მე არანაირი ინსტრუქციები არავისთვის მიმიცია. ისინი ასრულებდნენ მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც მაშინ იყო ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი.

ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, რომელთან მე საერთოდ სახლში მივედი.

ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის მოსდის აზრად ამაზე საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა. ამის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც პრაქტიკულად ძალიან ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში – მე გადავდექი, ჩემი საპრეზიდენტო ვადა 1.5 წლით შევამცირე და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე, რათა მიმეღო ქართველი ხალხისგან ახალი მანდატი. ეს გავაკეთე იმის გამო, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები და ამ მიტინგისა და გამოსვლების გამო არ დაგვბლოკვოდა ჩვენ ნატოში ინტეგრაცია. მერე, პრეზიდენტმა ბუშმა ოფიციალური ვიზიტით მიმიწვია, სადილზეც დამპატიჟა და მითხრა, ამიტომ ხარ აქ და იმიტომ გიჭერთ მხარს, რომ გადადექი, რომ არ ეპოტინები ხელისუფლებას. ქართველმა ხალხმა უკვე გამოიტანა ვერდიქტი ამ საქმეზე, რასაც ახლა აქ გვედავებიან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილ პრეზიდენტს 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ედება, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

პროკურატურის მტკიცებით, 2007 წლის 4 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა თათბირი, სადაც მაშინდელი შს მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მხრიდან გაიცა უკანონო დავალება, რომ ძალოვანი უწყებების გამოყენებით, მომხდარიყო მომიტინგეების ცემა და მათ მიმართ კანონით აკრძალული საშუალებების გამოყენება, რა გზითაც მოხდებოდა ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ჩახშობა. პროკურატურის განცხადებით, 7 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ მყოფ მოშიმშილე მომიტინგეებს, გაფრთხილების გარეშე, დილის საათებში თავს დაესხნენ ხელკეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომლები და ძალის გამოყენებით დაარბიეს. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, რომელთა დასაშლელადაც გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი. სცემეს სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები, ხოლო მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ შენობებს, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.

პროკურატურის განცხადებით, მომიტინგეთა ხელახალი შეკრების აღსაკვეთად, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელსაც ადგილზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი „ტელეიმედის“ დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეებზეც ედება.

ის დაუსწრებლად არის გასამართლებული ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის საქმესა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. უზენაესი სასამართლოს მიერ ყოფილ პრეზიდენტს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]